ზოდელავა სპეცრაზმელს: როგორც პროკურორმა, მეც ასე აღვიქვი - თქვით, რომ ეს იყო ჩვეულებრივი აქცია
როგორც პროკურორმა, მეც ასე აღვიქვი - თქვით, რომ ეს იყო ჩვეულებრივი აქცია თავისი შეხლა-შემოხლებით - ასე მიმართა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ სპეცრაზმელ იოსებ როსტიაშვილს.
ზოდელავას თქმით, გდდ-ს თანამშრომელს სასამართლოსთვის არ აღუწერია ისეთი სურათი, რაც დაადასტურებდა, რომ 4 ოქტომბერს განსაკუთრებული შეტევა მოხდა.
თქვენს პასუხებში იყო თვითმხილველის პოზიცია, როგორც გდდ-ის თანამშრომლის და ადამიანის, რომელმაც დაინახა პროცესი როგორც აქცია, შეხლა-შემოხლა და აქციის თანმდევი პროცესი. რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, ბანდიტურ დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, რაიმე ორგანიზებული შემოტევა, შტურმი, კონტრშეტევები, რაიმე ასეთი ნახეთ მანდ? იმ დღეს, 4 ოქტომბერს ათონელის მოედანზე? მაგალითები მოვიყვანოთ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი არავის გაუტყორცნია ხომ 4 ოქტომბერს? თქვენ ეს არ გინახავთ იმიტომ, რომ აღწერეთ კარგად, ხატოვნად ქვის ტყორცნის მომენტები, შეხლა-შემოხლა, ეს ვითარება რაც ზოგადად დამახასიათებელია აქციისთვის საქართველოში და კვაზი დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, სადაც დემოკრატია ხეიბრის დონეზეც არსებობს, რაიმე ასეთი ხომ არ შეგიმჩნევიათ? ხომ არ იყო განსაკუთრებული მომენტი? ინვენტარი, ორგანიზებული ჯგუფები? იარაღი გავიგეთ, რომ არ იყო და ვერ იქნებოდა.
როგორც პროკურორმა, მეც ასე აღვიქვი, რომ თქვით, ეს იყო ჩვეულებრივი აქცია თავისი შეხლა-შემოხლებით“,- განაცხადა ზოდელავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
- პროკურატურა ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.