უკრაინის გენშტაბი: რუსეთში დავარტყით პოლიგონ „კაპუსტინ იარს“, სადაც „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემაა განთავსებული
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ფლამინგოს“ რაკეტებით დაბომბეს "კაპუსტინ იარის" საწვრთნელი პოლიგონი, სადაც „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემაა განთავსებული - ამის შესახებ გენერალური შტაბი იუწყება.
- უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად, 2026 წლის იანვარში რუსეთის ჯარებმა ამ პოლიგონიდან ლვოვის ოლქს დაარტყეს ბალისტიკური რაკეტით „ორეშნიკი”. „ორეშნიკის” გამოყენება მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს, 5 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „კაპუსტინ იარზე“ შეტევაც იანვარში იყო და არა ახლა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, პოლიგონის ტერიტორიაზე მდებარე შენობების ნაწილს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიაყენეს, მნიშვნელოვნად დაზიანდა ერთ-ერთი ანგარი და ტერიტორიიდან ევაკუირებულია პირადი შემადგენლობის ნაწილი.
უკრაინის გენშტაბს არ დაუკონკრეტებია იანვრის რომელ დღეებს მოიცავდა „დარტყმების სერია“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონ „კაპუსტინ იარზე” შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.