ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომელი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს სასახლეში ღობის გარდა არაფერი დაზიანებულა
ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომელი ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ღამეს სასახლესთან 200-ზე მეტი ადამიანი იყო მისული, იყო ხმაური და ქაოსი და ამტკიცებს, რომ სწორედ ასეთ ხმაურში ამოიცნო მურთაზ ზოდელვას და ირაკლი ნადირაძის ხმები.
სასამართლო დარბაზში მოწმედ მიყვანილი გიორგი წეველიძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი პროკურორი მოწოდებებს აკეთებდნენ.
სასახლის ეზოში ვიყავი და მურთაზის ხმა მესმოდა. ამბობდა, „უკან არ დავიხიოთ სასახლე ჩვენია". მურთაზი ირაკლისთან ერთად იყო. მათ წუთიც არ დაუყვიათ ეზოში“,- განაცხადა გიორგი წეველიძემ.
მოწმეს კითხვები სხდომაზე დაუსვა ბრალდებულმა ირაკლი ნადირაძემ და ჰკითხა, შეუძლია თუ არა იმის თქმა, რა ეცვა 4 ოქტომბერს.
ირაკლი ნადირაძე: შეგიძლიათ მითხრათ, რა მეცვა?
მოწმე: დროშა რომ გქონდათ შემოხვეული ეგ მახსოვს, სავარაუდოდ შენ იყავი. რომ გამოხვედი ეგ აღარ მახსოვს
ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომელთან ასევე კითხვები ჰქონდა ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიასაც. მან მოწმეს ჰკითხა, რა დაზიანდა ათონელის სასახლეში, რაზეც წეველიძემ თქვა, რომ მხოლოდ სასახლის ღობე.
მოწმემ განმარტა, რომ სასახლის შენობას არანაირი დაზიანება არ ჰქონია.
- შეგახსნებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ანალიზის თანახმად, გარემოებები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის მთლიანობა შესაძლოა, მართლაც წინასწარ იქნა დარღვეული სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იმისათვის, რომ პროტესტის მონაწილეებს შეძლებოდათ სასახლის ღობის ნაწილის წაქცევა და ეზოში შეღწევა, რაც სსკ-ის 222-ე მუხლის შემადგენლობას დასრულებულ სახეს მისცემდა. ამ ეჭვის დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელი გახადა იმ გარემოებამ, რომ ღობე, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, შესაძლოა განადგურებულ იქნა. ყოველ შემთხვევაში, დაცვის მხარეს მოესპო მისი დათვალიერების და მასზე საკუთარი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.
მოწმეს შეკითხვები დაუსვეს ადვოკატებმა, მათ შორის ბექა ბასილაიამ მას ჰკითხა ირაკლი კობახიძის მიერ 4 ოქტომბრის შესახებ გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაზე.
„პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რა მიმართულებით შეიძლება განვითარებულიყო აქცია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ წინასწარ არ გვემოქმედა და დავახვედრეთ სიურპრიზიო. ანუ პრემიერი ამბობს, რომ იცოდნენ აქციის განვითარების გეგმა, მაგრამ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა და იმ დანაყოფმა, რომელიც პრეზიდენტის სასახლის დაცვას უზრუნველყოფს, ამ ინფორმაციის შესახებ არ იცოდა?“,- მიმართა ბასილაიამ მოწმეს.
თავის მხრივ, გიორგი წეველიძემ განმარტა, რომ არაფერი იცოდა.
„მე არაფერი ვიცოდი”,- აღნიშნა წეველიძემ.
ამასთან, ადვოკატის კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რა მოქმედება განახორციელეს ზოდელავამ და ნადირაძემ სასახლის ეზოში შესვლისას, მან ასე უპასუხა:
„მოქმედება არაფერი... ორივესგან იყო შეძახილი, მაგრამ ზუსტად რომელი, რას იძახდა, არ მახსოვს. ნადირაძეს დროშა რომ ჰქონდა შემოხვეული, ეს მახოვს“, - აღნიშნა გიორგი წეველიძემ.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.