პროფესორი მანანა ნიკოლაიშვილი კობახიძეს პასუხობს: მითხარით, საიდან არის მოტანილი ეს პროცენტები

06.02.26 12:00
პროფესორი მანანა ნიკოლაიშვილი კობახიძეს პასუხობს: მითხარით, საიდან არის მოტანილი ეს პროცენტები

ორი უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები გივი მიქანაძეს შეხვდებიან. ერთობლივი  შეხვედრა ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ზუსტად ექვს საათზეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეძლებს “ოცნების“ განათლების მინისტრთან კითხვების დასმას. 

შეხვედრის დაწყებამდე კი პროფესორები ირაკლი კობახიძეს პასუხობენ, რომელმაც განაცხადა, რომ “ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება იქცა ერთგვარ გერად“.

პროფესორ მანან ნიკოლეიშვილს კონკრეტული ციფრები მოჰყავს და ამბობს, რომ “ოცნების“ პრემიერს არასწორი მონაცემები მიაწოდეს.

21 567 აქტიური სტუდენტია დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამის გარდა, 1489 აქტიური სტუდენტია უცხოელი, არასწორი მონაცემები აქვს პრემიერს, ვინ მიაწოდა არ ვიცი. ჰუმანიტარული, ყბადაღებული დარგები რაც არის, თავიანთი პროგრამები რაც არის, 31 პროგრამა გადადიოდა, რომ გადაეტანათ სტუ-დან, სულ არის 174 პროგრამა, ეს არის 18 %, ხოლო 82 % არის საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრამა. ახლა მითხარით, საიდან არის მოტანილი ეს პროცენტები, - ამბობს მანანა ნიკოლაიშვილი.

ზურაბ ბოსიკაშვილისთვის კი ჯერ კიდევ გარუკვეველია, რას ემსახურება განათლების რეფორმა  და მიიჩნევს, რომ რეფორმაც და თავად პროცესიც არასწორია.

თვითონ ეს პროცესი, ჩემი აზრით, არასწორია და საერთოდ, მიდგომაც, ამ რეფორმის არასწორია და არ არის დეტალურად გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს, ეს რეფორმა უნივერსიტეტების აკადემიურ თავისუფლებას და ავტონომიას ზღუდავს, - ამბობს ბოსიკაშვილი.

ცნობისთვის, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითზე სამსჯელოდ "ოცნების" განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლებს 18:00 საათზე შეხვდება. 

შეხვედრა განათლების სამინისტროში გაიმართება. 

  • გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას გეგმავს. 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან კონსულტაციით მიიღეს. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.