"ოცნება" თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს არ შეეხება, უცნობია, სხვა შენობების ბედი
ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა საუნივერსიტეტო შენობები, რომელსაც "ქართული ოცნება" არ შეეხება - ასეთად მმართველი პარტიის ლიდერმა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსები დაასახელა.
კობახიძე ამბობს, რომ ეს შენობები თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილია.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არ შეეხებიან არც სამედიცინო უნივერსიტეტის კორპუსებს.
ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებთან დაკავშირებით, კობახიძის თქმით, ისინი სტუ-ს ხელმძღვანელობასთან და აკადემიურ საბჭოსთან ერთად იმსჯელებენ.
თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა, შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით. მაგალითად, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ბუნებრივია ვერ და არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში პირველ და მეორე კორპუსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილი.
რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტსაც არ ვეხებით, რჩება ისე, როგორც არის.
რაც შეეხება ტექნიკურს, ამაზე გვქონდა დღეს საუბარი, გვექნება მსჯელობა კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და ამის საფუძველზე შეგვიძლია შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე, აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე," - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება.