სინდისის 11 პატიმრის საქმე სააპელაციოში - რამ გამოიწვია დაპირისპირება პროცესზე
ხმაური მე-12 სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მსჯავრდებულებს და მათ ოჯახის წევრებს შორის ცოცხალი კედელი აღმართეს. სპეციალურად გამოყოფილ შემინულ სივრცესთან რამდენიმე მანდატური კონკრეტული მოტივით ჩადგა – მხარდამჭერებს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები ვერ დაენახათ. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ მოსამართლე იძულებული გახდა მანდატურებისთვის მათი მოვალეობა შეეხსენებინა.
როგორ დაიწყო არეულობა გასული წლის 28 ნოემბერს და რა როლი ჰქონდათ ამაში პოლიციის მიერ შეგზავნილ აგენტ-პროვოკატორებს?! ეს კითხვა დღეს დასკვნითი სიტყვის დროს სერგეი კუხარჩუკის და რუსლან სივაკოვის ადვოკატმა დასვა. უფლებადამცველი ამბობს, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ისე დადგა, რომ საქმეზე სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარებულა.
ლეგაშვილის გარდა დღეს სინდისის 11 პატიმრის საქმეზე დასკვნითი სიტყვა თქვა ირაკლი ქერაშვილის ადვოკატმაც. ახალგაზრდა აქტივისტი, რომელსაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის გამო 2-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული - გამოძიების ვერსიით პოლიციელებს პიროტექნიკას ესროდა - თუმცა 9-თვიანი სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოუდგენიათ.
სინდისის პატიმრების საქმეს მხოლოდ ადვოკატები არ ასაჩივრებენ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას ვერდიქტის შეცვლას ითხოვს პროკურატურაც. სახელმწიფო ბრალდების პოზიციაა რომ 11-ვე მსჯავრდებული ციხეში ორის ნაცვლად 6 წლით გაუშვან.
ერთმანეთის პარალელურად დღეს სააპელაციო სასამართლოში პრო ევროპული აქციის მონაწილეების ორი პროცესი მიმდინარეობდა. მოსამართლეთა კოლეგიამ, რომელსაც ნინო ჩახნაშვილი ხელმძღვანელობს ანტონ ჩეჩინის ადვოკატის დასკვნით სიტყვას მოუსმინა. რვა ნახევარი წლით, ციხეში გაშვებული პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 13 მარტს გამოცხადდება.