აღმოჩენილია ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარასა და იმერეთში

10.02.26 10:59
აღმოჩენილია ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარასა და იმერეთში

აღმოჩენილია ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარასა და იმერეთში  - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი კიდევ ორ ობიექტს შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.

შპს ,,ატო” (მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფანასკერტელ-ციციშვილის 29) ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლას ახორციელებდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. 

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეში, ინდმეწარმე ნ. ბ.-ს (მის: თამარ მეფის N15) ფრინველთა სასაკლაოზეც. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება. ობიექტზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული 80კგ ფრინველის ხორცი"- სურსათის ეროვნული სააგენტო.

ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.