თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტების საქმეები განიხილება

10.02.26 11:41
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტების საქმეები განიხილება

თბილისის საქალაქო სასამართლოში უწყვეტი პროტესტის მონაწილეების საქმეები განიხილება. 

ამ წუთებში, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი სამოქალაქო აქტივისტის, ვეფხია ბეროზაშვილის საქმეს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მის წინააღმდეგ სამი ეპიზოდი აქვს წარდგენილი. ყველა მათგანი გზის გადაკეტვას ბრალდებას შეეხება. 

შსს-ს სამი ეპიზოდი აქვს ბეროზაშვილის წინააღმდეგ, როგორც 173-ე, ასევე 166-ე და 174-ეს მეათე, პრაქტიკულად ყველა ის მუხლია, რომელიც სტანდარტულად გამოიყენება აქტივისტების წინააღმდეგ. დამატებით საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ გაერთიანება, იმედი გვაქვს, რომ გააერთიანებს და ამ გაერთიანების შემდეგ ასევე ვიმედოვნებთ, სამწუხაროდ ამის პრაქტიკა ნაკლებია, მაგრამ იქნებ ეს საქმე მაინც იყოს, სადაც შეწყვეტს წარმოებას, რადგან როგორც სხვა საქმეებში, არც აქ არ არის რაიმე სახის მტკიცებულება. 

რეალურად ეს ჩანაწერები, ამ შემთხვევაში, 173-ე მუხლის შემთხვევაში იმასაც კი არ ადასტურებს, რომ რაიმე წინააღმდეგობის გაწევა იყო, უბრალოდ ვეფხია გადაადგილდება რუსთაველის ტროტუარზე და მას მალევე აკავებენ," - აცხადებს უფლებადამცველი. 

ამასთან, მოსამართლე დავით მაკარაძე სტუდენტის, ანასტასია დოლიძის საქმეს განიხილავს. მას ის სასამართლოში ე.წ. ტროტუარის საქმეზე დაიბარეს. ანასტასია დოლიძე აღნიშნავს, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში ჩანს, რომ ის უბრალოდ დგას და საუბრობს. 

დამიბარეს ე.წ. ტროტუარის გადაკეტვის საქმეზე. შსს-ს რა ვიდეოც ჰქონდა მოტანილი იქ საერთოდ არაფერი არ ჩანს, გარდა იმისა, რომ მე უბრალოდ ვდგავარ და ვსაუბრობ, არც ის ჩანს, რომ მე ვთქვათ ხელის მოძრაობით ვინმეს ვუშლი ხელს, ან ისეთ ადგილას ვდგავარ, სადაც ადამიანები გადი-გამოდიან, უბრალოდ ჩანს ჩემი საუბარი. 

ტროტუარზე დგომა ავტომატურად არ არის წესრიგის დარღვევა, ეს არის უბრალოდ საჯარო სივრცეში არსებობა. ტროტუარი მაგისთვის არის, რომ იდგე, გაიარო, გამოიარო, მეგობარი ნახო და ესაუბრო. ჩვეულებრივი დაშინების ფორმაა, ყველაფერს ველოდები, ალბათ კი [დაკავებასაც]," - ამბობს ანასტასია დოლიძე.