კობახიძე: დეპოლარზაციისკენ მიმავალი გზაა, როცა კონკრეტული ადამიანები იხდიან სასჯელს, კონკრეტული დანაშაულებისთვის
"სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობა"- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" პრემიერმა "პირველების" შეკითხვას, რას აკეთებს ქვეყანაში პოლარიზების შესამცირებლად?
"ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ "სამართლის უზენაესობის" საკითხზე მზადაა, ნებისმიერთან დისკუსიაში შევიდეს და იდებატოს, თუმცა როგორც კომენტარისას გაირკვა, სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები არ იგულისხმებიან.
თვითონ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობა და კონკრეტული ადამიანები, როდესაც იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ესეც არის დეპოლარზაციისკენ მიმავალი გზა. გახსოვთ იყო ჩვენთან შემთხვევები, როცა ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და არავინ დასჯილა ამისათვის. ამან გააღმავა პოლარიზაცია, ამან გააღმავა კონკრეტული ადამიანების ინტერესი და რომ ახალი დანაშუალები ჩაედინათ, ამიტომ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის ასევე დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა.
და ჩვენ დავაინიცირეთ დისკუსიები, დებატები, თუნდაც ამ საკითხზე, რასაც ქვია სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა. მზად ვარ ჯანსაღი დისკუსიისთვის ყველა თემაზე. ჩვენ ღია ვართ ასეთი დისკუსიებისთვის. რაც შეეხება დამნაშავე პოლიტიკოსების პატიმრობას, დამნაშავე მოძალადეების პატიმრობას, ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და ყველა შეკითხვაზე გავცემთ სათანადო პასუხს", - განაცხადა კობახიძემ.
ამის შემდეგ "პირველების" ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, იდებატებენ თუ არა იგივე სინდისის პატიმრებთან აღნიშნულ საკითხზე - რაზეც "ოცნების" პრემიერმა განაცხადა, რომ "ვინც ციხეში ზის, იმათთან დებატებზე საუბარი ზედმეტია".
ციხეში ვინც არიან იმათთან რად გვინდა დებატები. ციხეში ვინც არიან, იმათ უნდა მოიხადონ სასჯელი, მათთან დებატებზე საუბარი ზედმეტია. საუბარი გვაქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები, მათთან ბუნებრივია, მზად ვართ დებატებისთვის, მაგრამ არა პატიმრებისთვის, რომლებიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს", - ამბობს კობახიძე.
"პირველების" ჟურნალისტმა კობახიძეს კითხვა კიდევ ერთხელ დაუზუსტა და ჰკითხა, უწყობს თუ არა ხელს სინდისის პატიმრების არსებობა ქვეყანაში პოლარიზების გაღრმავებას:
მთავარი რაც ამშვიდებს ქვეყანას, არის სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა რომ არ იყოს სათანადოდ დაცული, თქვენ ნახეთ სადამდე მიიყვანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყანა. 5 რევოლუციის მცდელობა იყო იმის გამო, რომ სამართლის უზენაესობა სათანადოდ ვერ იყო დაცული ჩვენს ქვეყანაში. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, ამან მოგვცა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების საშუალება. რომ არა სამართლის უზენაესობა, ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი", - განაცხადა კობახიძემ.