ვერ ვახდენთ იდენტიფიცირებას, რომელი მტკიცებულება ვის ეხება, გვითხრან - მამუკა ხაზარაძის ადვოკატი

10.02.26 15:32
ვერ ვახდენთ იდენტიფიცირებას, რომელი მტკიცებულება ვის ეხება, გვითხრან - მამუკა ხაზარაძის ადვოკატი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე ითხოვს ბრალდების მხარემ დაყოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლისა და სხვა მუხლის მტკიცებულებები ერთმანეთისგან.

როგორც ზვიად კორძაძე ამბობს,  ამ საქმეზე არიან ბრალდებულები, რომლებსაც ბრალის მიხედვით ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ - ანუ სხვადასხვა მუხლს ედავებიან.

მისი თქმით, ბრალის დადგენილებაში ის მაინც უნდა ეწეროს, რომელი მტკიცებულება რას ასაბუთებს.

ადვკატის განმარტავს, რომ ასეთი უცნაური საქმე მისი კარიერის განმავლობაშ არ ჰქონია - "ვერ ვახდენთ იდენტიფიცირებას, რომელი მტკიცებულება ვის ეხება, გვითხრან" 

არცერთი მტკიცებულების იდენტიფიკაცია ბრალის დადგენილებაში არ არის და ვერ ვახდენთ იმ მტკიცებულებების იდენტიფიკაციას, რომელიც ჩვენს ბრალდებულებს ეხებათ.... საქმეში ისეთი მტკიცებულებებია, რომ აზრი არ აქვს მათ დაუშვებლობის მოთხოვნას, რადგან არ ვიცი ეხება თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს.
ასეთი უცნაური საქმე 30 წელია არ მქონია, ჩაყრილია მტკიცებულებები და ვის რას ეხება არ ვიცი, ვერც გამოყოფის შუამდგომლობას ვაყენებ, რადგან ამას განხილვის ეს ეტაპი არ ითვალისწინებს. არ შეიძლება ასე მტკიცებულებების წარმოდგენა - მე თქვენ მოგიტანთ ამდენ ტომს და მოდი გაარკვიეთ. მიმითითეთ, რომელი ეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მერე ვიმსჯელებ დასაშვებობა, არდასაშვებობაზე... ვიცით ეს საქმე როგორ დაიწყო და როგორ მოვიდა აქამდე.
75-გვერდიანი ნუსხიდან ვერ ვახდენთ იდენტიფიცირებას, რომელი მტკიცებულება ვის ეხება, გვითხრან.... 

მე რომ დავაყენო დაუშვებლობა რაღაც მტკიცებულების მიმართ, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეხება, პროკურორს შეუძლია თქვას, რომ სხვა ბრალდებულს ეხება, არაკომპეტენტური შუამდგომლობა გამოდის", - ამბობს ადვოკატი კორძაძემ. 

ბრალდების მხარეს "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერების კიდევ ერთმა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ უთხრა რომ წულუკაინის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამოც კი ოპოზიციონერ ლიდერების საქმეები ცალკე წარმოებად აღძრეს, ამიტომ სამართლებრივად მისთვსი სრულიად გაუგებარია, რატომ გააერთიანეს 8 პოლიტიკოსის საქმე 

“ერთს ვითხოვთ, მიგვითითოს ბრალდების მხარემ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან შემხებლობაში ერთი მტკიცებულება მაინც”.- განაცხადა სამუშიამ. 

ზვიად კორძაძის პოზიციას იზიარებს გიორგი ვაშაძის ადვოკატი, ომარ ფურცელაძეც.

“უნდა ვიცოდეთ, რაზე უნდა ვისაუბროთ და ასე უნდა გადავწყვიტოთ, დაცვის სტრატეგია. შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა გვაქვს შეზღუდული.

მე რომ დავაყენო შუამდგომლობა მაგალითად, უნდა ვიცოდე ეხება თუ არა ე.წ. ქიმიური ნივთიერებები გიორგი ვაშაძეს, როცა მაგალითად მისი სახლი გაჩხრეკილი არ არის”, - ამბობს ის.

ნიკა გვარამიას ადვოკატმა,  ქეთი ჩომახაშვილმა ცოტა ხნის წინ დააყენა შუამდგომლობა, დაუშვებლად იქნეს ცნობილი „მთელი სისხლის სამართლის მასალა“, მათ შორის დაკითხვის ოქმებიც, სადაც ნიკა გვარამიაა ნახსენები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში არგუმენტია, რომ ეს ჩვენებები „ირიბია“.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.