სეს-მა დედოფლისწყაროში საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროში საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საკონდიტრო საწარმოში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - ინდმეწარმე ლ. ნ. (მის: ჰერეთის ქ. N43, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების წესისა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული სხვა მოთხოვნების დარღვევით ამზადებდა საკონდიტრო ნაწარმს.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მოქალაქეს, რომლისგანაც ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა, არაგეგმური ინსპექტირების შედეგები წერილობით ეცნობა,- აღნიშნულია ინფორმაციაში.