ოპოზიციონერი ლიდერების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

10.02.26 19:12
ოპოზიციონერი ლიდერების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

ოპოზიციონერი ლიდერების საქმე არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

მოსამართლე ვასილ ბუგიანიშვილის თქმით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს, რომ ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენები და ამიტომ ეს საქმე უნდა გადაეცეს სასამართლოს არსებით განსახილველად.

არსებითი განხილვის პირველი სხდომა 23 თებერვალს, 13:00-ზე ჩაინიშნა.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.