ნიკო კვარაცხელიას დედა პროკურატურას მიმართავს

10.02.26 20:01
ნიკო კვარაცხელიას დედა პროკურატურას მიმართავს

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, მოყვეს მისი შვილის საქმეზე სიმართლე, რომელიც მისი თქმით, დიდი ხანია გახსნილია.

იზა ომაძის განცხადებით, “რომ არა “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მფარველობა , ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია“.

მეგობრებო ძალიან მძიმე დღეა  ყველასთვის, ისეთი სასტიკი კადრები ვიხილეთ!!!ქალბატონი ეკას მდგომარეობას კი ხედავთ, ღმერთს ვთხოვ მის ჯანმრთელობას!!!
ბოლომდე უნდა მივიდეს საქმე, მადლობა მას ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის.
მე ყველას ვერ გპასუხობთ , არც ჩემი მდგომარეობაა ჯანსაღი, ერთს გეტყვით რომ არა “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მფარველობა , ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია !!!  მე ჭორაობის  დონეზე არ დავიყვან ნიკოს საქმეს!!!  მოყვეს პროკურატურა!!! ყველა ფაქტი ჰქონდათ მაშინვე!!!  ცოტა ხნის წინ ამაოდ გამიჩნდა იმედი , რომელიც მალევე გამიქარწყლდა!!! კი ბატონო ვიღებ გამოწვევას, დიახ მეც 
მჭირდები საქართველოვ!!!!! საქმე გახსნილია!!!!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgiaგადმოდგი ტრიბუნა!!!!!,- 
 ან  სად მივალ  ტრიბუნით ეგ უკვე მე  ვიცი!!!!,- წერს იზა ომაძე.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს. 

საქმის მასალების თანახმად, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. 

მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში დააკავეს.  მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობის დღიდან ამტკიცებს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას წლებია, ითხოვს.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ნიკო კვარაცხელია, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს.
ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა, გუგა და დათა კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

გურამ და დავით კაკულიები სამართალდამცავებმა 2022 წლის მაისის ბოლოს, სრულიად სხვა საქმეზე, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შემდეგ დააკავეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

გურამ კაკულიამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე თქვა, რომ მათ ამ საქმესთან კავშირი არ აქვთ.