მიქაუტაძის ბიზნესპარტნიორი ადასტურებს, რომ კომპანიების წილებს ოჯახის წევრებზე ფიქტიურად აფორმებდნენ

11.02.26 17:35
მიქაუტაძის ბიზნესპარტნიორი ადასტურებს, რომ კომპანიების წილებს ოჯახის წევრებზე ფიქტიურად აფორმებდნენ

აღიარება სასამართლო დარბაზში - რომეო მიქაუტაძის საქმის მოწმემ დღეს დაადასტურა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დიდძალ ქონებას ოჯახის წევრების და ახლობლების სახელზე ფიქტიურად აფორმებდა. მიზეზი კი ის საგამოძიებო რეპორტაჟები გაზდა, რომელიც მათ შორის  "შაბათის ეთერმა" არაერთხელ მოამზადა. 

აღიარება სხოდომათა დარბაზში დღეს მხარეებმა ბაჩანა სულაძისგან მოისმინეს, რომელიც რომეო მიქაუტაძის ბიზნეს პარტნიორი და "საქრუსენერგოს"  ყოფილი დირექტორი იყო. 

ჩვენებაში ბაჩანა სულაძე პირდაპირ წერს, რომ მიქაუტაძე თავისი გავლენებით ეხმარებოდა მის კომპანიებს ნებართვების მიღებაში, თუმცა დღეს, როცა ჩვენებიდან რამდენიმე ეპიზოდი ამოიკითხა პროკურორმა, მან თქვა რომ მხოლოდ მეგობრულ რჩევებს ეკითხებოდა, როგორც გამოცდილს ამ სფეროში და ჩვენებაშიც ეს იგულისხმა.დღეს სხვა ტიპის დახმარების ფაქტებს მოწმე ვეღარ იხსენებს.

2010დან 2025 წლამდე ვმუშაობდი “საქრუსენერგოში”. რომეო მიქაუტაძე უნივერსიტეტში გავიცანი, კურსელები ვიყავით. “საქრუსენერგოში” მუშაობა რომეოს რეკომენდაციით დავიწყე. მინისტრის მოადგილე რომ გახდა, ისევ მისი რეკომენდაციით დავინიშნე დირექტორის პოსტზე. რაც შეეხება ჩემს ბიზნეს საქმიანობას, მოცვის ბაღები მაქვს. ასევე მქონდა შპს “მცირეში” გარკვეული წილი.  “ნახიდურის” შეძენის დროს წილების გაფორმება მოხდა რძლის სახელზე, გვქონდა საერთო ჩატი ვოცაპში, სადაც ვიყავით მეც და რომეოც და კომპანიის განვითარების ეტაპზე ყველა ჩართული ვიყავით. 2017 წელს რომეო გადადიოდა სამინისტროში და მე საქრუსენერგოს დირექტორი ვხდებოდი, ამიტომ გაყიდვა გადავწყვირეთ შპს “მცირესი”, ვერ მოვასწარით დროულად და წილები ოჯახის წევრებზე გადავაფორმეთ. რომეომ ძმაზე და მეუღლეზე გადააფორმა- მე ჩემს დის შვილზე. “ნახიდური ჰესის” წილები გიორგი თეთრაძეზე და რომეოს მხრიდან - მარინა ყურაშვილზე გაფორმდა.  მოცვი რომ გავიფორმეთ ყოველ შაბათ-კვირას ჩვენზე იყო გადაცემა და მოვერიდეთ გამოჩენას, მაღალ თანამდებობებზე ვიყავით ორივე", - განაცხადა სულაძემ სასამართლოზე. 

  • ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.