"ეს ნამდვილად ჩემი შვილია, ლიფტში, დანით ხელში" - ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

11.02.26 17:37
"ეს ნამდვილად ჩემი შვილია, ლიფტში, დანით ხელში" -  ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ალექსანდრე გაბაშვილის მამა ამბობს, რომ გუშინ, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ბიჭი, რომელიც ლიფტში ცივი იარაღით დგას, ნამდვილად მისი შვილია. 

დაკავებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ჩხუბის ვიდეოებში არ არის. 

ალექსანდრე გაბაშვილის თქმით, საქმის მასალებში მოცემული ვიდეოები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა მასალებში არ დევს.  

ეს ნამდვილად ჩემი შვილია, ლიფტში, დანით ხელში, გეთანხმებით.. დაფარვის გარეშე მაქვს მასალა ნანახი და ჩემი შვილი იმ ვიდეოებში არ არის, არა ტანსაცმლით, არა სახით, არა ხმით, ახლა შვილს ვიცნობდი.

არა, პაპკა არის ცალკე მასალებში, რომელზეც აღნიშნავენ, რომ ეს ვიდეოები გადაცემულია ექსპერტიზაზე, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა მასალებში არ დევს. 

თუ თეორიულად ჩემი შვილი როდესმე აღმოჩნდება მაგ კადრებში, მოგვეთხოვოს კანონიერად, მაგრამ სანამ არ არის იმის მტკიცებულება, რომ ის იქ არ არის და ის ბავშვი არ არის იმ კადრებში, ნუ აგვკიდებს პროკურატურა იმას, რაც არ დაგვიშავებია. 

პროკურატურა რამდენიმე თვეა უკანონოდ გვებრძვის, ჯერ დაგვიდეს ქვა, მერე შეაცვლევინეს მოწმეებს ჩვენებები, მერე დაიჭირეს არასრულწლოვანი ბავშვები მიმოწერისთვის. უნდოდათ ჯგუფური, ძირითადი საქმის მასალებიდან გამომდინარე არანაირი მტკიცებულება არ იყო ჯგუფურის და ახლა ცდილობენ იმას, რომ ერთი წლის წინ რაღაც ვიდეო, ვიღაცის ტელეფონში იპოვნეს და აგერ თურმე ამიტომ არიან ჯგუფშიო," - ამბობს ის. 

ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს.

  • გუშინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული მოზარდები სხვა  ჯგუფურ ძალადობას აორგანიზებდნენ და შემდეგ მასში იღებდნენ მონაწილეობას. უწყებამ გაავრცელა კადრებიც. 

პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.

საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ მათ მოიპოვეს და გაავრცელეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველი ვიდეო. 

გამოძიება ამტკიცებს, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.