"დემეტრეს ტელეფონში არაფერი არ არის ნაპოვნი" - ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედა
"დემეტრეს ტელეფონში არაფერი არ არის ნაპოვნი" - ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, დემეტრე ჩიქოვანის დედამ, სოფო ძნელაძემ განაცხადა.
გიგა ავალიანის საქმეზე შემიძლია იგივე გითხრათ, რასაც აქამდე ვამბობდი, რომ დემეტრეს არავითარ მომზადებაში, რა ბრალიც წაუყენეს, მონაწილეობა არ მიუღია, ამისი არავითარი მტკიცებულება არ არსებობს კონკრეტულად იმ ბრალში.
ამას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაშიც არის ჩემი სვილი დამნაშავე დაე დაისაჯოს, მე არავითარი უსამართლობის განცდა არ მექნება, ოღონდ ობიექტურად.
ჩემი სახლიდან არაფერი [ამოუღიათ] ტელეფონების გარდა. არა, დემეტრეს ტელეფონში არაფერი არ არის ნაპოვნი, ეს ზუსტად ვიცი," - ამბობს სოფო ძნელაძე.
- ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული მოზარდები სხვა ჯგუფურ ძალადობას აორგანიზებდნენ და შემდეგ მასში იღებდნენ მონაწილეობას. უწყებამ გაავრცელა კადრებიც.
- გამოძიება ამტკიცებს, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს.
პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.
საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ მათ მოიპოვეს და გაავრცელეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველი ვიდეო.