ახალი ბრალი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს - მოზარდებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

11.02.26 20:07
ახალი ბრალი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს - მოზარდებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ვისაც გუშინ პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის 4 სხვა ეპიზოდსაც ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა გიორგი რიკაძის, დემეტრე ჩიქოვანისა და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული მოზარდები ახალ ბრალდებას არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მათ დღევანდელ პროცესზე საქმესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ. 

ამ სხდომაზე ვითხოვდით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას სამი არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ, სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი დასაბუთება და მიიღო გადაწყვეტილება - სამივე მათგანს შეუფარდა პატიმრობა. 

თუ ობიექტურად შევხედავთ ამას და გავაანალიზებთ მივხვდებით, რომ ამ ვიდეო ჩანაწერებში იდენტიფიკაციაც შესაძლებელია და ასევე, ამ ვიდეოჩანაწერების გარდა ასეულობით მოწმე გვყავს გამოკითხული და თითოეული ძალადობის ეპიზოდს დაახლოებით ათეულობით მოწმე ადასტურებს. ისე, რომ ვიდეოკამერის ჩანაწერების გარდა სხვა კიდევ მრავალი მტკიცებულება არსებობს. 

ამ ვიდეოკამერის მტკიცებულებებთან დაკავშირებით დანიშნული იყო და მიღებული გვაქვს ფონო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. ეს ნიშნავს, ხმის და გამოსახულების იდენტიფიკაციას. ამ ექსპერტიზის დასკვნებითაც ცალსახად დადგინდა, რომ ვიდეო-კადრებში სწორედ ის ბრალდებულები მონაწილეობდნენ, რომელი ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების გამორიცხვასაც ცდილობენ ოჯახის წევრები," - განაცხადა პროკურორმა. 

საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძე არ გამორიცხავს, რომ მოცემულ საქმეში ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. 

გიდასტურებთ, რომ ამ კადრებში გარდა იმ ბრალდებულებისა, რომელთა პროცესზეც დღეს შევიკრიბეთ, იმყოფებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ სხვა პირები, ამ პირთა ნაწილი იდენტიფიცირებულია, ისინი მოწმის სახით არიან გამოკითხული. ნაწილი მათგანი, სხვათა შორის, აღიარებს კიდეც ფაქტში მონაწილეობას . ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. კი ბატონო, გამორიცხული არ არის, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს," - აღნიშნა პროკურორმა. 

  • ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული მოზარდები სხვა  ჯგუფურ ძალადობას აორგანიზებდნენ და შემდეგ მასში იღებდნენ მონაწილეობას. უწყებამ გაავრცელა კადრებიც. 

პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.

საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ მათ მოიპოვეს და გაავრცელეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველი ვიდეო. 

გამოძიება ამტკიცებს, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.