"გვეძახდნენ რუსეთის მონებს" - სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე მოწმე პოლიციელი იკითხება

12.02.26 12:28
"გვეძახდნენ რუსეთის მონებს" - სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე მოწმე პოლიციელი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე პოლიციელი, ლაშა ჯუღელი იკითხება. მისი მტკიცებით, აქციის მონაწილეები მათ "რუსეთის მონებს" ეძახდნენ. 

მოწმე პოლიციელი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის სასახლესთან, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მასზე ფიზიკურად 15-მდე პირი ძალადობდა, მათ შორის ამოიცნო ბრალდებული გური ჟვანია. 

როცა დაიძრნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, რაციიდან გავიგეთ, რომ ღობეს ანგრევდნენ, ინტერნეტიდანაც ვუყურებდით. დავუძარით ჭონქაძის ქუჩიდან, ჩავედით სასახლესთან. მე და ჩემი დანაყოფი.

[სასახლესთან] დაგვიწყეს სროლები, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, დაგვიწყეს რტყმა, დაშავდნენ თანამშრომლები. თავში, ტანზე, წაქცეულზე, 15 კაცამდე მირტყამდა მეც. 

[ამოვიცანი] ერთ-ერთი, 50 წელს ზევითაა, ჩემზე ოდნავ მაღალი, შემელოტებული, გური ჟვანია. მახსოვდა სახეზე და ამოვიცანი ვიდეოთი. ვიდეოს ყურების შემდეგ, ამოვიცანი. 

ფეხს მირტყამდა წაქცეულზე. სხვა პირებიც ამოვიცანი, მაგ ამ დარბაზში... [არ არიან]. 

ყვიროდნენ, ყველას ფორმები გახადეთო. ზედაც შემომახიეს, გამოძიებამ ამოიღო. გვეძახდნენ რუსეთის მონებს და ა.შ. 

დაზიანებები მქონდა მეც - ძირითადად თავზე. ნიღაბი მომხსნეს, ფორმაც და შემდეგ გამლახეს," - განაცხადა მოწმე პოლიციელმა პროცესზე. [შიფრი: "პუბლიკა"]

ადვოკატ შოთა თუთბერიძის შეკითხვაზე: რატომ გეძახდნენ რუსეთის მონებს, რაიმე ვერსია ხომ არ გაქვთ? - ლაშა ჯუღელმა უპასუხა - "არა, არ მაქვს". 

სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძის და კიდევ სხვა დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.