მივიღებთ ფასების ზრდის ახალ ტალღას და კომპანიების დახურვას - ეკონომისტები კობახიძის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ
მივიღებთ ფასების ზრდის ახალ ტალღას და კომპანიების დახურვას - ასე პასუხობენ ეკონომისტები კობახიძის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას.
მათი თქმით, ფაქტობრივად შეუძლებელია ერთ წელიწადში ასეთი ცვლილება და პლასტმასიდან შუშაზე ან სხვა ტიპის პროდუქტზებზე გადასვლა.
მათი თქმით, ერთადერთი ეფექტი, რასაც ამ ცვლილებიდან მივიღებთ იქნება ის, რომ მოსახლეობისთვის ფასები აიწევა.
კომპანიები რომ დუმან, სწორედ იმის ბრალია, რომ მთავრობა ყოველ კვირა ახალ და სრულიად გაუაზრებელ რეგულაციებს იგონებს და შემოაქვს, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების გართულებას და გაძვირებას ემსახურება. პლასტმასთან დაკავშირებით რეგულაცია, პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ფასები გაიზარდოს სურსათზე და არა მხოლოდ. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები ერთმანეთთან ლოგიკაში საერთოდ არ ზის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ კომპანიებზე, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართულნი და სხვადასხვა პროდუქციას ქმნიან, მოხდება მათი ნაწილობრივ, ან სრულად დახურვა, ან მოუწევთ სიმძლავრეების შემცირება, რაც შეამცირებს სამუშაო ადგილებს. მეორე მიმართულებაა, როდესაც ჩვენ ამ პლასტიკატს ვანაცვლებთ, თან ასე ვიწრო დროის მონაკვეთში, სრულიად გაუაზრებლად, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას და რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ, გასნაკუთრებით სასურსათო მიმართულებით ფასების ზრდის ახალ ტალღას. თავისუფალი ბაზარი, სოციალისტური მიდგომებისგან განსხვავდება იმით, რომ ის დაფუძნებულია არჩევანზე. კომპანიებს და მოხმარებლებს უნდა ჰქონდეთ არჩევანი, იმდენად რამდენადაც, პლასტმასის შეფუთვა ღირს X თანხა და შუშის შეფუთვის კი Y თანხა, - განაცხადა პაატა ბაირახტარიმა.
დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება.
მისი თქმით, მომზადებულია დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, 1-ელი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება იკრძალება. 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან კი პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება.