ილიაუნის დანგრევა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ტრაგედია იქნება საქართველოსთვის - საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი
"ილიაუნის დანგრევა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ტრაგედია იქნება საქართველოსთვის!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურია წერს.
თოფურიას თქმით, ამდენი წარმატებული პროგრამა და კვლევითი ერთეული, რაც ილიაუნის აქვს, მექანიკურად ვერცერთ უნივერსიტეტს ვერ მიუერთდება - "ისინი უბრალოდ გაქრება, ჩაქრება ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის მწარმოებელი უზარმაზარი ძრავი"
ილიაუნი არის საუკეთესო უნივერსიტეტი თანამედროვე საქართველოში. ადგილი, სადაც ვითარდება ნამდვილი მეცნიერება, სადაც აკადემიურ თავისუფლებას და თავისუფალ აზროვნებას მაქსიმალური ასპარეზი აქვს.
ამდენი წარმატებული პროგრამა და კვლევითი ერთეული მექანიკურად ვერცერთ უნივერსიტეტს ვერ მიუერთდება. ისინი უბრალოდ გაქრება, ჩაქრება ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის მწარმოებელი უზარმაზარი ძრავი და მასთან ერთად დაიკარგება ჩვენი საზოგადოების პერპექტივის დიდი ნაწილი.
თუ გვინდა ჩამოვყალიბდეთ თანამედროვე ერად, სადაც იქმნება ინოვაციები და განვითარებულია მაღალტექონოლოგიური ინდუსტრიები, და არ ვიქცეთ ჩამორჩენილ პროვინციულ ჩიხად, რომლის ერთადერთი ფუნქცია მოსალხენად ჩამოსული ოკუპანტების ეგზოტიკური გართობაა, მათთვის ელარჯის წელვა და ცალ ფეხზე ხტუნვა, ილიაუნის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია!
უნივერსიტეტის დანგრევა ერთ დღეში მოხდება, მის მშენებლობას ათწლეულები დასჭირდება ..."- წერს კოკა თოფურია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში გივი მიქანაძემ ბრიფინგზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები წარადგინა.“ოცნების“ განათლების რეფორმის მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.