ჯარის ძარცვის საქმე - სასამართლომ ცნობად მიიღო ესპანეთის საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილება ბურჭულაძის სახლის დაყადაღების შესახებ

13.02.26 11:42
ჯარის ძარცვის საქმე - სასამართლომ ცნობად მიიღო ესპანეთის საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილება ბურჭულაძის სახლის დაყადაღების შესახებ

ჯარის ძარცვის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დაადასტურა რომ დაყადაღებულია ბურჭულაძეების სახლი ესპანეთში და ყადაღა ადევს მისი ნათესავების საპენსიო ბარათებსაც კი.

სასამართლომ ცნობად მიიღო ესპანეთის საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილება ჯიანშერ ბურჭულაძის მეუღლის სახელზე გაფორმებული სახლის ყადაღის დადების შესახებ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.