16 წლის მოზარდს დაზიანებები ყელის და ხელის არეში აღენიშნება, 5-მდე პოლიციელი მონაწილეობდა და მხოლოდ 1 დააკავეს - ადვოკატი

13.02.26 15:15
16 წლის მოზარდს დაზიანებები ყელის და ხელის არეში აღენიშნება, 5-მდე პოლიციელი მონაწილეობდა და მხოლოდ 1 დააკავეს - ადვოკატი

პოლიციის ძალადობა არასრულწლოვანზე - 16 წლის მოზარდს დაზიანებები ყელის და ხელის არეში აღენიშნება. ამ ინფორმაციას "პირველებს" არასრულწლოვანის ადვოკატი აწვდის.  დაზარალებული მოზარდის ოჯახი მოითხოვს, რომ დაკავებულ პოლიციელს ბრალი გადაუკვალიფიცირონ და უფრო მძიმე მუხლით გაასამართლონ და არა სამწლიანი მუხლით.

პოლიცის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე მხოლოდ ერთ სამართალდამცველია დაკავებული. პირი, რომელიც უშუალოდ ემუქრებოდა, აგინებდა და ძალადობდა მოზარდზე, თუმცა ადვოკატის თქმით, ტერორის მომხდარ ეპიზოდში ხუთამდე პოლიციელი მონაწილეობდა. 

ადვოკატი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ სხვა სამართალდამცველებიც. 

დააკავეს ერთი პირი, თუმცა გამოძიება დაიწყო 333-ე მუხლის მესამე ნაწილით - ძალადობა არის აღნიშნული და ღირსების შელახვა. ეს მუხლები მოაშორა საერთოდ პროკურატურამ პირს და გადაუკვალიფიცირა პირველ ნაწილზე.  სად გაქრა ძალადობა ბავშვის მიმართ, სად გაქრა პირადი ღირსების შელახვა და სად გაქრა მუქარა?  ანუ ფაქტიურად, ორ ნაწილში და ერთ მუხლში არაფერი არ აქვს წარდგენილი. ის მუხლი, რომლითაც უნდა დაისაჯონ ეს პირები, არის მესამე ნაწილი, რომელიც ისჯება 5-დან 8 წლამდე. ახლა რაც წარუდგინეს მას, არის 3 წლამდე. ცდილობენ, რომ მხოლოდ ერთ პირს შეახოცონ მთელი დანაშაუალი. აქ მონაწილეობდა 5-მდე პირი. ბავშვი არის ძალადობის მხვერპლი. მას აქვს ესკორაციები, როგროც კისრის არეში, ასევე ორივე კიდურის არეში. ადგილზე იყო სასწრაფო გამოძახებული და აღნშნული დაზიანებები არის დაფიქსირებული. ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად არის, რადგან გარეთ გამოსვლის და სკოლაში წასვლის ეშინია. ჩვენ მოვითხოვეთ პროკურატურისგან, რომ დაცვის სპეციალური ღონისძიება გამოეყენებია ბავშვის მიმართ, თუმცაღა ამ დრომდე არ არსებობს არანაირი დაცვის ღონისძიება. მხოლოდ ერთი პოლიციელის დაკავება და ასე წარმოჩენა ბავშვის, როგორც წარმოაჩინეს, თითქოსდა ნარკოტიკების დამდები იყო ეს ბავშვი და რომ თითქოს მარტო შეურაცხყოფა იყო ბავშვის მიმართ, ეს იყო სრული სიცრუე. დანარჩენი პირები არიან თავისუფლები და თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები დაირღვევა, ამაზე პასუხისმგებელი იქნება პროკურატურა და შსს", - ამბობს დვოკატი. 

როგორც "ტვ პირველმა" გაარკვია, მოზარდის ოჯახმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით გუშინ მიმართეს გენერალურ პროკურატურას. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელი ბრალს აღიარებს. 

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა კი არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.