დევნილი უნივერსიტეტი მეორედაა დევნილი, გააცნობიერეთ, რას აკეთებთ - თსუ-ს პროფესორი
თსუ-ს პროფესორი, ცირა ბარამიძე მთავრობას მოუწოდებს, გააცნობიერონ რას აკეთებენ, რადგან მათი რეფორმით, სოხუმის დევნილი უნივერსიტეტი, უკვე მეორედაა დევნილი და ლიკვიდირებული.
პროფესორი მიიჩნევს, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ის, რაც რუსულ პროგრამას სჭირდება.
დევნილი უნივერსიტეტი მეორედაა დევნილი და ლიკვიდირებული, რადგან ყველა პროგრამა ანულირებულია, საერთოდ, ეს არის ამ უნივერსიტეტის ლიკვიდაციის ტოლფასი. სოხუმის უნივერსიტეტისადმი განხორციელებულ ქმედებას, შევაფასებდი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად, თუ პროპორციებს დავიცავდით, მაშინ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუნარჩუნეს ბათუმის უნივერსიტეტი სრული ფორმატით, ხოლო აფხაზეთის საკითხი, როგორც ჩანს, დისბალანსშია ამ საკითხთან, მე აქ ვხედავ სწორედ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და იმას, რომ ეს არის ის რაც, რუსულ პროგრამას სჭირდება. დღეს ყველა უნდა იდგეს ფეხზე, ეს არ არის მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემა... მოვუწოდებ მთავრობას, გააცნობიერეთ, რას აკეთებთ, - ამბობს ცირა ბარამიძე.