500 გრამი ჩერი პომიდორი 14.30, კიტრი 15.30 - რას ამბობს "პლანტას" წარმომადგენელი გაზრდილ ფასებზე

13.02.26 15:19
500 გრამი ჩერი პომიდორი 14.30, კიტრი 15.30 - რას ამბობს "პლანტას" წარმომადგენელი გაზრდილ ფასებზე

რამდენად ახლოსაა მაღაზიებში არსებული ფასების პროდუქტის წარმოებასთან და თვითღირებულებასთან? ამ კითხვით დღეს "პირველებმა" კომპანია "პლანტას" წარმომადგენელს მიმართა, რომელიც პარლამენტში ფასების კომისიის სხდომის ფარგლებში იყოს მისული. აღსანიშნავია, რომ "პლანტას" მიერ წარმოებული 500 გრამი ჩერი პომიდორი დახლებზე მოქალაქეებს 14.30 ლარად ხვდებათ, ამავე შეფუთვაში მინი კიტრი - 15.30 ლარად.

"პლანტას" წარმომადგენელმა კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ამასთან, მისი თქმით, ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. 

ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, - თქვა მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. 

"პირველები" ასევე დაინტერესდა, ჩართულია თუ არა ივანიშვილის ოჯახი "პლანტას" წარმოებაში და რა მოსაზრება აქვს მთავრობის მიერ დაწყებულ კამპანიებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია "პლანტას" 98%-ზე მეტი წილის მფლობელი შპს "გრინჰაუს ჰოლდინგია", რომლის მშობელი კომპანიაც კაიმანის კუნძულებზეა დაფუძნებული და მას ფიზიკური პირი ეკატერინე ხვედელიძე მართავს. 

"პლანტას" წარმომადგენლემა ჟურნალისტის ამ კითხვასაც არ უპასუხა და თქვა, რომ "ინფორმაციას არ ფლობს".

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში ფასების კომისიის სხდომა იმართება. შეხვედრას ხილის, ბოსტნეულისა და ჯემების ადგილობრივი მწარმოებლები ესწრებიან.