სასახლის ღობის საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ საპროცესო გარიგებას კონკრეტული ბრალდებულები თავად ითხოვენ

13.02.26 15:35
სასახლის ღობის საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ საპროცესო გარიგებას კონკრეტული ბრალდებულები თავად ითხოვენ

სასახლის ღობის საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ საპროცესო გარიგებას კონკრეტული ბრალდებულები თავად ითხოვენ - როინ ხინთიბიძე სახელებს და გვარებს არ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ დაცვის მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე შეთანხმებული არ ვართ - თქვა პროკურორმა. 

იმისთვის, რომ კონკრეტულ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, სახეზე უნდა გვქონდეს მათი მხრიდან აღიარება, ასევე განცხადებითაც უნდა მოგვმართონ და შემდეგში, განვიხილავთ საპროცესო შეთანხმების საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა განცხადებით საპროცესო შეთანხმების თაობაზე და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვართ, ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და თუკი, ყველანი შევთანხმდებით პირობებზე, რა თქმა უნდა, გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა, კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ.

მოლაპარაკებების პროცესი ჩვენსა და დაცვის მხარეს შორის კონფიდენციალურია, თუმცა, ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა მოგვმართეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე და ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა, კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე შეთანხმებული არ ვართ“, - განაცხადა ხინთიბიძემ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე 15 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ლაშა ჯუღელი გამოიკითხა. ადვოკატების თქმით, პროკურატურის მოწმემ ბრალდებულებიდან ხელი ვერავის დაადო და ვერ თქვა, რომ კონკრეტულად რომელიმემ მიაყენა დაზიანება. 

  • ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გიროას სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმის ფარგლებში საერთო ჯამში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 64 პირია მიცემული. აღნიშნული პირების საქმეების განხილვა სასამართლოში 4 ეპიზოდად მიმდინარეობს.