ჩინეთში რეზერვების გადატანის სურვილი დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია - რომან გოცირიძე

13.02.26 17:06
ჩინეთში რეზერვების გადატანის სურვილი დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია - რომან გოცირიძე

რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამეორება - ასე აფასებს ეკონომისტი და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების ნაწილის ჩინურ აქტივებში გადატანას.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება დასავლეთიდან ჩამოშორების გეგმის ნაწილს წარმოადგენს.

"ეროვნულ ბანკს რეზერვების ნაწილი ჩინეთში გადააქვს. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ეს უფლება ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან დადებული შეთანხმებით მოიპოვა. ამ განცხადებიდან ვიგებთ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს რეზერვების დივერსიფიკაციას და რისკების დაზღვევას.

რა ნიშნავს მარტივად ეს? რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამეორებას. რუსეთმა მთელი რეზერვები ოქროსა და ჩინურ იუანში გადაიტანა. დასავლურ ვალუტებში რაც ჰქონდა გაეყინა და იმ ქვეყნებში არც სურვილი ექნება განთავსების და არც ამის უფლებას მისცემს ვინმე.

ყველა ნაბიჯი, რაც “ოცნებამ” გადადგა ბოლო წლებში, არის რუსული კანონებისა და ქმედებების პირდაპირი კოპირება. ჩინეთში რეზერვების გადატანის სურვილი დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია", - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ცნობით, საქართველოსთვის პირველად ხელმისაწვდომი ხდება ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარი.

  • განცხადების მიხედვით, CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.

ნათია თურნავას თქმით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირება საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირების ზრდას შეუწყობს ხელს. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეზერვები იყოს დივერსიფიცირებული, როგორც ვალუტების, აგრეთვე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის კუთხით. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ინვესტირებას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს რეზერვების მართვის დივერსიფიკაციას. ასევე ეტაპობრივად გაგრძელდება საბაზრო გარემოსა და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული ახალი ბაზრების ათვისება“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.