თსუ-ში EU-ს დაფუძნებულ ევროპული კვლევების ინსტიტუტში მნიშვნელოვნად მცირდება მიღება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ჟან მონეს მოდულის მფლობელი და პროფესორი, ნინო ლაპიაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ "ქართული ოცნების" განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კვოტებით, თსუ-ში ევროკავშირის დაფუძნებული ევროპული კვლევების ინსტიტუტის - IES პროგრამებს მნიშვნელოვნად შეუმცირდა მიღება.
ნინო ლაპიაშვილის ცნობით, ჟან მონეს ბილინგვურ ქართულ-ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე (Undergraduate Programe in European Studies) კვოტა 100-დან 50-მდე შემცირდა, ხოლო ინგლისურენოვან სამაგისტრო (Master in European Studies) პროგრამაზე — 20-დან 5-მდე.
მისი თქმით, კვოტების შემცირება, ხოლო პარალელურად საბაკალავრო პროგრამის 3-წლიანად და სამაგისტროს 1-წლიანად გარდაქმნის შემთხვევაში, ბიუჯეტის დაახლოებით სამმაგ შემცირებას გამოიწვევს.
პროფესორი აღნიშნავს, რომ "ქვეყნისთვის ეს გადაწყვეტილება სიმბოლურია. ეს არის ინსტიტუციური არქიტექტურის ცვლილება, რომლის ნეგატიური შედეგები პირდაპირ აისახება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აკადემიურ ინფრასტრუქტურაზე".
დღეს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კვოტებით დადგინდა, რომ თსუ-ში ევროკავშირის დაფუძნებულ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის - IES პროგრამებს მნიშვნელოვნად შეუმცირდა მიღება:
ჟან მონეს ბილინგვურ ქართულ-ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე (Undergraduate Programme in European Studies) კვოტა 100-დან 50-მდე შემცირდა;
ინგლისურენოვან სამაგისტრო (Master in European Studies) პროგრამაზე — 20-დან 5-მდე.
საუბარია თსუ იურიდიული ფაკულტეტის ერთადერთ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც ორმაგი ხარისხი აქვს ევროკავშირის ორ ბრწყინვალე უნივერსიტეტთან (Dual Degree MA Programmes), და ასევე, კონსორციუმთან, რომელიც აერთიანებს ევროპისა და აზიის ექვს წამყვან უმაღლეს სასწავლებელს.
აღნიშნული პროგრამები სრულად ფუნქციონირებდა ფინანსური თვითმდგრადობის პრინციპით. საბაკალავრო პროგრამის შემოსავლები უზრუნველყოფდა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების თანადაფინანსებას.
ამ მოდელმა შექმნა აკადემიური პერსონალისთვის ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა.
კვოტების შემცირება, ხოლო პარალელურად საბაკალავრო პროგრამის 3-წლიანად და სამაგისტროს 1-წლიანად გარდაქმნის შემთხვევაში, ბიუჯეტის დაახლოებით სამმაგ შემცირებას გამოიწვევს.
ეს ავტომატურად ქმნის მუდმივ საბიუჯეტო დეფიციტს და გამორიცხავს ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის ფუნქციონირების შესაძლებლობას.
ინგლისურენივანი სადოქტორო პროგრამა (Doctoral Programme in European Studies) ფაქტიურად უკვე შეჩერებულია წინა წლის რეგულაციების საფუძველზე, რომლებიც მოითხოვს მუდმივი/შტატიანი აკადემიური პერსონალის ჩართულობას, მაშინ როდესაც შესაბამისი შტატები არ არის გამოყოფილი. შედეგად, იქმნება ნორმატიული მოთხოვნა, რომლის შესრულებაც ადმინისტრაციულად შეუძლებელია.
ამასთან, ახლახანს მიღებული საკანონმდებლო შეზღუდვების გამო ფაქტიურად შეუძლებელი გახდება უცხოელი აკადემიური პერსონალის ჩართულობაც, რაც ევროპისმცოდნეობის სამივე საფეხურის პროგრამის ძალიან ძლიერი მხარე იყო აქამდე.
აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტი დაფუძნებულია ევროკომისიის მიერ TACIS პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და ორი ათეული წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა მოწვეული აკადემიური პერსონალის მოდელით.
მსგავსი ინსტიტუტი, რომელიც უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) ახორციელებს ინტერდისციპლინურ European Studies/ ევროპისმცოდნეობის პროგრამებს, არ არსებობს აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში, ხოლო სადოქტორო პროგრამის ინგლისურ ენაზე იმპლემენტაცია ურთულდებათ ევროკავშირის უნივერსიტეტებსაც.
გასული 20 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ თსუ-ში დაფუძნებული ევროპული კვლევების ინსტიტუტი -IES ავტონომიურობის მაღალი ხარისხის მოდალობაში ავითარებდა ინტერდისიცპლინური სწავლებისა და კვლევების შესაძლებლობებს, აფუძნებდა უნიკალურ პროგრამებს, ქმნიდა წარმატების მაგალითებს.
მაგალითად, ბოლო ავტორიზაციის პროცესში ჟან მონეს ბილინგვური საბაკალავრო პროგრამა უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც „ინოვაციური პრაქტიკა ქართული უნივერსიტეტებისთვის“ (ანუ ახალი სტანდარტი შეიქმნა ეროვნულ დონეზე), ხოლო პროგრამა დაფიქსირდა, როგორც წარმატების ისტორია ევროკომისიის DG EAC-ის მონაცემთა ბაზაში.
IES-ს მაგისტრატურაზე კურსდამთავრებულების 100% პროცენტიანი დასაქმების მაჩვენებლი გვაქვს. მათი უმრავლესობა მოგვიანებით ამთავრებდა მეორე სამაგისტროს/ ან სადოქტორო პროგრამებს ევროკავშირის ან ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
ჩვენი კურსდამთავრებულები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის მიზნებისთვის სახელმწიფოს ეხმარებოდნენ ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების/აპროქსიმაციის პროცესში, - სამინისტროებსა და პარლამენტში წამყვანი საჯარო მოხელეების პოზიციებიდან.
ამდენად, მოცემულ კონტექსტში კვოტების შემცირება არ წარმოადგენს ოპტიმიზაციის ტექნიკურ ღონისძიებას. პირიქით, ის იწვევს: ფინანსური თვითმდგრადობის მექანიზმის დემონტაჟს; საერთაშორისო ორმაგი ხარისხების მოდელის შესუსტებას; ინგლისურენოვანი აკადემიური ციკლის, შესაბამისად უნივერსიტეტის ინტერნაციინალიზაციის სტრატეგიის სრულფასოვნად იმპლემენტაციისთვის გადაულახავ დაბრკოლებებს; ევროპული კვლევების ინსტიტუციური სივრცის შემცირებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, როცა ფინანსურად მდგრადი, ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევების განმავითარებელი, საერთაშორისო პარტნიორობით გამართული ინსტიტუტი გადადის სტრუქტურულ და საბიჯეტო დეფიციტში ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების შედეგად?
ეს არ არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეფორმა, ეს არის პოლიტიკა, - გზავნილი დასავლეთისთვის.
ცხადია, ქვეყნისთვის ეს გადაწყვეტილება სიმბოლურია. ეს არის ინსტიტუციური არქიტექტურის ცვლილება, რომლის ნეგატიური შედეგები პირდაპირ აისახება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აკადემიურ ინფრასტრუქტურაზე," - წერს ნინო ლაპიაშვილი.