რა გავლენა ექნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შეზღუდვას და ვინ ჩაიგდებს ბაზარს ხელში?

14.02.26 15:19
რა გავლენა ექნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შეზღუდვას და ვინ ჩაიგდებს ბაზარს ხელში?

რა გავლენა ექნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შეზღუდვას? - თუ "ქართული ოცნება" არ გადაიფიქრებს, ბიზნესმენების საქმიანობის შემზღუდავი ახალი კანონის მიღებას, ქვეყანაში ახალი წინააღმდეგობა დაიწყება. ავტოდილერებსი და ავტოიმპორტიორების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

ისინი ივანიშვილის პარტიას დაუყოვნებლივ მოუწოდებენ დაიწყოს დიალოგი და მოუსმინონ იმ ადამიანებს, ვინც წლებია ამ ბიზნესშია.

როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე "პირველებს" ეუბნება,  ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს საავტომობილო ჰაბის პერსპექტივას.

მისივე თქმით, ბაზარს ხელში ჩაიგდებს აზახი და ყირგიზი ავტოდილერი - "ამაზე ჩვენ ორი წელია ვსაუბრობთ და ვითხოვთ ყურადღება"

აქამდე ვიყავით ავტოჰაბი და რატომ ვიყავით ავტოჰაბი - იმიტომ, რომ მარტო ავტოიმპორტი არ იყო.  ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამ სფეროში ჩართული. აი ეს ადამიანები კარგავენ სამუშაოს. სამაგიეროდ, ვინ ჩაიგდებს ბაზარს ხელში გეტყვით - ბაზარს ხელში ჩაიგდებს ის ყაზახი და ყირგიზი ავტოდილერი, რომელიც აქამდე  შემოდიოდა. ამაზე ჩვენ ორი წელია ვსაუბრობთ და ვითხოვთ ყურადღებას და ბუნებრივ მონოპოლიას მიიღებენ ისინი", - ამბობს ნონიაძე

ავტოდილერები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიაზე ზრუნვასთან კავშირში არ არის. მათი თქმით, შესაძლოა სახელმწიფომ  წლის განმავლობაში ერთ მილიარდ დოლარამდე ზარალი მიიღოს

ეს არ არის ის რომ მოდით, ეკოლოგიაზე ვიფიქროთ, არც ეკოლოგიაზე არ ფიქრობენ პირდაპირ რომ ვთქვათ, რადგან ევრო 5 2011 წლიდან არის სტანდარტი", - ამბობს კომპანია "რობანიმოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე.

საუბარი არის იმაზე, რომ არსებობს ალბათობა, ქვეყანამ წლის განმავლობაში ერთ მილიარდ დოლარამდე ზარალი მიიღოს", - განაცხადა "ჰოა ავტო იმპორტის" დამფუძნებელმა, რეზო ტაბატაძემ. 

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.