კახეთში მცხოვრებ კაცს კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს.
„კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.