ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლოს ჩვენებას სასტუმრო "თაუერის" თანამშრომლები მისცემენ

18.02.26 11:32
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლოს ჩვენებას სასტუმრო "თაუერის" თანამშრომლები მისცემენ

ლევან ჯაგველაძის მკვლელობის საქმე - საქალაქო სასამართლოში მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების - გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ გიორგი მიქაძე ესწრება. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან. მათზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული. 

დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 4 მოწმე ჰყავს გამოსაკითხი - ესენი არიან სასტუმრო "თაუერის" თანამშრომლები. როგორც პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მოწმეები გელა უძილაურის და გიორგი ჯოხაძის შეხვედრების შესახებ ისაუბრებენ. ასევე დღეს ჩვენებას მისცემს ორი გამომძიებელი, რომელსაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება აქვს ამ საქმეზე ჩატარებული. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.