უძილაური სულ ჯოხაძესთან ერთად მოდიოდა, 15 მარტს კი მარტო მოვიდა, ნომერი აიღო და "ტვ პირველის" საინფორმაციოს გადახვევა მთხოვა - სასტუმროს თანამშრომელი

18.02.26 12:39
უძილაური სულ ჯოხაძესთან ერთად მოდიოდა, 15 მარტს კი მარტო მოვიდა, ნომერი აიღო და "ტვ პირველის" საინფორმაციოს გადახვევა მთხოვა - სასტუმროს თანამშრომელი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენება “თბილისი თაუერის” ადმინისტრატორმა მისცა - მიშიკო ღონღაძემ სასამართლოს უამბო, როგორ მივიდა სასტუმროში მკვლელობაში მსჯავრდებული გელა უძილაური მკვლელობის მეორე დღეს - 15 მარტს, როგორ აიღო ნომერი და როგორ სთხოვა "ტვ პირველის" საინფორმაციოს გადახვევა.

როგორც სასტუმროს თანამშრომელი ამბობს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გელა უძილაური "თბილისი თაუერში" გიორგი ჯოხაძის გარეშე მივიდა. 

გელა უძილაურს ვიცნობ. სასტუმროში ხშირად მოდიოდა, გიორგი ჯოხაძეც ასევე. გიორგი მიქაძეს და დავით მიქაძეს არ ვიცნობ, არც გიორგი კაჭკაჭაშვილს. გელა უძილაური ყოველთვის გიორგი ჯოხაძესთან ერთად მოდიოდა, თუმცა  15 მარტს შუადღის საათებში მარტო შემოვიდა და ნომერი აიღო. მეც ვიყავი მის ნომერში ასული, ტელევიზორის გასწორება უნდოდა. ტვ პირველის საინფორმაციო გამოშვებაზე გადახვევა მთხოვა. გიორგი ჯოხაძე სასტუმროს მფლობელებთან (ბოლაშვილებთან) ერთად არ დამინახავს, ძირითადად ბარში შედიოდა ხოლმე. კადრები, სადაც გიორგი ჯოხაძე სასტუმროდან გადის და ვიღაც ჩემთვის უცნობ მამაკაცს 40 წუთის განმავლობაში ელაპარაკება, გამომძიებლებმა მანახეს - მეორე ადამიანი ვერ ამოვიცანი", - განაცხადა სასტუმროს თანამშრომელმა. 

ის, რომ გელა უძლაური ნამდვილად იმყოფებოდა მკვლელობის მეორე დღეს სასტუმროში, ეს დაადასტურა “თბილისი თაუერის” კიდევ ერთმა ადმინისტრატორმა. ნიკა მარტიაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ ჯოხაძეს და უძლაურს სასტუმროში საკმაოდ ხშირად ხედავდი, 25 მარტს კი გელა უძილაური მარტო მივიდა . 

სასტუმროში 2024 წლიდან 1.5 წელი ვმუშოაბდი. ამ პერიოდში გელა უძილაური გიორგი ჯოხაძესთან ერთად რამდენჯერმე მყავს ნანახი. ჯოხაძეს სასტუმროში საკმაოდ ხშირად ვხედავდი, რჩებოდა კიდეც ზოგჯერ. უძილაურის გარეშე არ მახსენდება რომ მოსულიყო. 15 მარტს შუადღეს მოვიდა გელა უძილაური მარტო, არ ვიცოდი მას უნდა გადაეხადა თუ არა ფული, რადგან პირველად იღებდა ნომერს - მენეჯერმა მითხრა არ გამოართვაო, თუმცა 100 ლარი მაინც გადაიხადა და ავიდა ნომერში. დაახლოებით 5 საათზე წავიდა სასტიმროდან. ტელეფონი მისთვის არ შემინიშნავს, ჩვენ სასტუმროს ტელეფონით გვეკონტაქტებოდა", - განაცხადა მოწმემ. 

გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის პროცესზე დღეს ასევე გამოკიითხა გამომძებელი - დავით კალატოზი  და ექსპერტი, თამილა ნონიაშვილი. ნონიაშვილმა 2 იარაღის და ვაზნების ექსპეტიზა ჩაატარა. 

18 მარტს ჩავატარე ექსპერტიზა. 2 იარაღი და ვაზნები იყო კვლევის საგანი. ნომერ პირველ პისტოლეტზე (ლევან ჯანგველაძისგან ამოღებული) არ აღინიშნებოდა საიდენტიფიკაციო ნომერი და მას არც გადაშლის კვალი ეტყობოდა, ანუ ნომერი დატანილი არასდროს ყოფილა. მეორე (გია ჩადუნელის) რეგისტრირებული იყო", - განაცხადა ექსპერტმა. 

რაც შეეხება გამომძებელს, მას საგამოძიებო მოქმედება აქვს ჩატარებული მათ შორის გელა უძილაურის ამოცნობაზე, ასევე აქვს ჩატარებული ჩხრეკა გიორგი ჯოხაძის და მისი მეუღლის სახლში.

 დანიშნული მაქვს რამდენიმე ექსპერტიზა, ჩხრეკა გიორგი ჯოხაძის სახლში და მისი მეუღლის გამოკითხვა. ჩხრეკა ჩატარდა სასტუმრო თაუერის ნომრებშიც, სადაც იმყოფებოდა გელა უძილაური. პატაკში იყო აღნიშნული რომ გიორგი კაჭკაჭაშვილის მობილურ ტელეფონში იყო უკანონო იარაღებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ტელეფონი ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული. ვადასტურებ ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას", - თქვა გამომძიებელმა.  

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.