აქცია პროკურატურასთან - "სფერო ჰოლდინგის"/"სფერო ინვესტის" დაზარალებულები საქმის პროკურორს ხვდებიან
აქცია თბილისის პროკურატურასთან - "სფერო ჰოლდინგის"/"სფერო ინვესტის" დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე იყო ხმაური, მოქალაქეებმა პროკურატურის შესასვლელი დაიკავეს, რის შემდეგაც უწყება იძულებული გახდა, რომ დაზარალებულებიდან 6 ადამიანი გამოეყო და საქმის პროკურორთან შესახვედრას აეყვამა.
უკვე თითქმის ერთი საათია, რაც საქმის ზედამხედველ პროკურორსა და 6 დააზრალებულს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ თვეების წინ დაპირდნენ კომპანიის დაკავებული თანამშრომლებისთვის ქონების ჩამორთმევას და ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ ეს პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა.
გაუსაძლისი სიტუაცია გვაქვს. ვართ ქუჩაში დარჩენილები. ფინანსური დასკვნები არ იდება. რაოდენი ინვესტორიც არ უნდა მოვიძიოთ, მანამ სანამ ფინანსური დასკვნები არ დაიდება, მანამ სანამ გამომძიებელი გამჯაშვილი და ყველა ვისაც ეს ეხება, ამ ამბავს არ დააჩქარებენ, ეს ადამიანები რჩებიან ქუჩაში. ხალხო ვართ ქუჩაში", - ამბობს დაზარალებული.
ბინების მომლოდინეეებს ასი ათასობით დოლარი აქვთ გადახდილი, მაგრამ საცხოვრებლები არ გააჩნიათ. დღეს სასამართლოში ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა წულეისკირის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა გადაიდო.
მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ დააკავეს სფერო ინვესტის დირექტორი, ძებნილი გიორგი მურუსიძე.
პროკურატურის ცნობით, "ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს".