CPT „ციხეში პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენაზე" საუბრობს

18.02.26 15:01
CPT „ციხეში პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენაზე" საუბრობს

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი (CPT) მიუთითებს, რომ ქსნის N15 ნახევრად ღია ციხეში კვლავ შეინიშნება პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენა. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ დაწესებულებაში დაფიქსირდა პატიმრებს შორის ძალადობის შემთხვევები, რასაც კომიტეტი უკავშირებს როგორც რეჟიმის თავისებურებებს, ისე პერსონალის სიმცირეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მონახულებულ სხვა ციხეებში პერსონალის მხრიდან ფიზიკური არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ, ხოლო საერთო ატმოსფერო შეფასებულია როგორც მშვიდი. თუმცა CPT ხაზს უსვამს, რომ ნახევრად ღია დაწესებულებებში ძალადობისა და დაშინების პრევენცია დამატებით ძალისხმევას საჭიროებს.

კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა გაძლიერდეს ინციდენტების მონიტორინგი, ძალადობის შემთხვევების აღრიცხვა და გამოძიება, განსაკუთრებით N15 დაწესებულებაში. ასევე ყურადღება გამახვილებულია ჯანდაცვის მიმართულებაზე — დაზიანებების დოკუმენტირების გაუმჯობესებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგის გაძლიერებაზე.

ანგარიში ეფუძნება CPT-ის 2024 წლის ნოემბრისა და 2025 წლის იანვრის ვიზიტებს საქართველოში.