2026-2027 სასწავლო წლიდან, 12 ქალაქში, მოსწავლეები მათი საცხოვრებელი ადგილიდან არაუმეტეს 1 კილომეტრით დაშორებულ სკოლაში უნდა დარეგისტრირდნენ
2026-2027 სასწავლო წლიდან, 12 ქალაქში, მოსწავლეები მათი საცხოვრებელი ადგილიდან არაუმეტეს 1 კილომეტრით დაშორებულ სკოლაში უნდა დარეგისტრირდნენ - ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.
უწყება წერს, რომ სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
ცვლილება შევიდა სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
2026-2027 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს. „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება. ქალაქ თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით. აღნიშნული მისამართების ნუსხა და შესაბამისი სკოლები, მეტი მოქნილობის მიზნით, განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადება ვრცლად ნახეთ აქ