ათონელის სასახლის ღობეს ექსპერტიზა პროფესიით იურისტმა ჩაუტარა - დეტალები სასამართლოდან
სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის და სხვა დაკავებულების პროცესზე ის ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ "ღობე ფიზიკური ძალის ზემოქმედებით დაზიანდა".
როგორც სასამართლოდან "პირველების" კორესპოდენტი იტყობინება, საქმის მთავარმა ექსპერტმა, პროფესიით იურისტმა, ოთარ ხაბურძანიამ გამოკითხვისას ვერ თქვა, რამდენ ადგილას იყო შედუღებული სასახლის ღობე და არც ის იცოდა, რამდენ წერტილში იყო გატეხილი.
სასამართლო პროცესიდან მიღებული ცნობების მიხედვით, თავდაპირველად ექსპერტმა მოსამართლეს დაუდასტურა, რომ "ღობეზე სამაგრები იყო გაკეთებული". თუმცა ადვოკატის კითხვების შემდეგ მის მიერვე მომზადებულ დასკვნაში მსგავსი მტკიცებულება ვერ მოძებნა.
დღევანდელ პროცესზე ოთარ ხაბურძანიას კითხვები ირაკლი ნადირაძემაც დაუსვა. ბრალდებულმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ის ინჟინერის ოჯახში გაიზარდა და იცის ექსპერტიზა როგორ ტარდება.
ირაკლი ნადირაძე: - რამდენნაირი სახის ჭრა იცით და რამდენნაირი სახის ჭრაზე ჩაატარეთ ექსპერტიზა?... შეამოწმეთ თუ არა პნევმატურ ჭრაზე?
მოწმე ექსპერტი: - არა.
[...]
ირაკლი ნადირაძე: - მე თვითონ ვარ ექსპერტების ოჯახიდან, მამაჩემი, ბიძაჩემი, საბაგირო გზების ექსპერტები არიან, ძალიან კომპეტენტურები სხვათა შორის, ძალიან კარგად ვიცი როგორ ტარდება ტექნიკური ექსპერტიზა. მათ შორის, ყველა დაზიანებული კი არა, საეჭვო ნაწილის დეტალური დასურათება ხდება. ფოტოზე ჩანს, რომ მინიმუმ ერთ ღობეს 4-4 ჩამაგრების წერტილი აქვს, ჯამში, სექციას სადღაც 28 წერტილი აქვს, 4 სექცია თუ იყო გადავარდნილი, 100-ზე მეტი წერტილი უნდა ყოფილიყო. რატომ არ დაასურათეთ ყველა ცალ-ცალკე? [შიფრი: Ipn.ge]
ექსპერტ-ტრასოლოგმა განაცხადა, რომ "რაც ჩათვალა საჭიროდ, ის დაასურათა".
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.