მასალები, რომელიც პროკურატურამ ელისო კილაძის წინააღმდეგ საქმეში ჩადო
დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატმა პროკურატურა დატოვა - ვალერი გელბახიანმა შენობიდან 4 მუყაოს ყუთში მოთავსებული 20 ტომი საქმის მასალები გამოიტანა.
სავარაუდოდ, ზუსტად ამდენი ოდენობის საქმის მასალები გადაეცემათ ორგანიზებულ დანაშაულს და ფულის გათეთრების საქმეზე სხვა ბრალდებულების ადვოკატებსაც.
როგროც ელისო კილაძის ადვოკატმა განაცხადა, საქმეში არ დევს იმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რომ ჟურნალისტმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
როგორც ვიცი, მოცულობით არის 20 ტომი, საქმე. რა საფუძვლები აქვს ამ ბრალდებას ვერ გეტყვით, სანამ არ გავეცნობი და რომ გაგვეცნო 20 ტომს, 1 საათში, ბუნებრივია, პასუხი და პოზიცია არ მექნება. ბრალში საუბარია იმაზე, რომ ელისო კილაძე უკეთებდა ინფორმაციულ ხელშეწყობას, უზრუნველყოფას, მხარდაჭერას, მაგრამ მიიღო თუ არა სარგებელი ფინანსურად, მატერიალურად არ არის ამის შესახებ ცნობები. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა თუ არა არც ამაზე მტკიცებულება არ არის. ელისო კილაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის პოზიციას თავადვე დააფიქსირებს", - განაცხადა ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა.
შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძეს კი ბრალის დადგენილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს.
ამავე საქმეზეა დაკავებული "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.
როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.
- საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას.