აქტივისტს, რომელმაც მოსამართლის წინ საქმის მასალები დახია, 5 000-ლარიანი გირაო დაუსწრებლად შეუფარდეს
საპროტესტო აქციების მონაწილის, ბაია მარგიშვილის ინფორმაციით, სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო დაუსწრებლად შეეფარდა.
როგორც აქტივისტი წერს, “არ შეიძლება ადამიანი დაისაჯოს ან გასამართლდეს ერთი და იმავე დანაშაულის/ქმედების გამო, შესაბამისად, არაფრის გადახდას არ აპირებს.“
„დაუსწრებლად შემიფარდეს გირაო 5000 ლარიანი და კითხვა მაქვს, ვიძებნები და არ ვიცი? შინაგან საქმეთა სამინისტრო.
აქვე ვიტყვი, რომ სრული სიგიჟეა ეს ბრალი რადგან ცეკვავამ მანამდე 200 ლარით დამაჯარიმა და დამაყადაღეს კიდევაც! და არ შეიძლება ადამიანი დაისაჯოს ან გასამართლდეს ერთი და იმავე დანაშაულის/ქმედების გამო! ეს არის სამართლის ფუნდამენტური პრინციპი რასაც რუსული რეჟიმი პირდაპირ არღვევს! არაფრის გადახდას არ ვაპირებ! რადგან ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნიან! ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებსაც ასე მოექცევიან, თუ გავუტარებთ! იმაზე აღარფერს ვამბობ, რაზეც დამსაჯეს და ახლა კიდევ მსჯიან რა მარაზმია!“, - წერს ბაია მარგიშვილი.
სავარაუდოდ, საქმე ეხება 2025 წლის 7 ნოემბერს ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე მომხდარს. მოსამართლე ზვიად ცეკვავა ბაია მარგიშვილის გზის გადაკეტვის საქმეს განიხილავდა, რა დროსაც ბაია მარგიშვილმა საქმის მასალები დახია და მოსამართლის წინ მაგიდაზე დაყარა. ცეკვავამ ის 200 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა, მოგვიანებით კი 14 დღე შეუფარდა. ბაია მარგიშვილი სასამართლოს ეზოში დააკავეს.