პროკურატურა ელისო კილაძის პატიმრობას ითხოვს - "პირველების" ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს გრიფი დაედო

19.02.26 20:05
პროკურატურა ელისო კილაძის პატიმრობას ითხოვს - "პირველების" ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს გრიფი დაედო

პროკურატურა ელისო კილაძის პატიმრობას ითხოვს. ამ წუთებში რუსთავიდან ჟურნალისტის ეტაპირება მიმდინარეობს  და მას მალე სასამართლოში მიიყვანენ.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ეკა ბარბაქაძე იმსჯელებს.

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეს გრიფი დაედო, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესები დაიხურება და ჟურნალისტებს მისი გაშუქების საშუალება არ ექნება.

დღეს "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლის ადვოკატებმა პროკურატურიდან ურიკით გამოიტანეს საქმის მასალები. ჯამში მხოლოდ ჩვენებები და საგამოძიებო დოკუმენტები 20 ტომია. ამას ემატება ვიდეომასალაც და აუდიო ჩანაწერები.

ადვოკატ ვალერი გელბახიანის თქმით, ელისო კილაძე ბრალდებას არ ეთანხმება. 

ცუდია, რომ დრო არ მოგვეცა იმისთვის, შეგვესწავლა რამდენიმე კი არა, ერთი ტომი მაინც. ვიტყვით ჩვენ სიტყვას, რაც აღკვეთი ღონისძიების საფუძვლებს შეეხება, მაგრამ შინაარსობრივად რა მდგოამრეობა გვაქვს, იურიდიულ მხარეზე ვერ ვისაუბრებთ. ექსპერტიზის დასკვნები ჩანს, ფოტო-ვიდეო მასალები ჩანს, არის ასევე დოკუმენტალური ინფორმაციები, რომლებიც უნდა იყოს წაკითხული. ექსპერტიზის დასკვნაზე მითხრა, რომ მოითხოვს განმეორებით ექსპერტიზას, რდგან მას აქვს ასეთი პოზიცია, რომ მიაჩნია, ეს არის ან არასწორი დასკვნა, ან კიდევ ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი. არ ეთანხმება კი არა, მიჩანია, რომ ბრალდება ხელოვნურია, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ბრალს არ ეთანხმებიან არც ძმები მიქაძეები. 

არც დავით და არც გიორგი მიქაძეს ქოლცენტრების საქმესთან, მათ მფარველობსათან, ორგანიზებასთან, ფულის გათეთრებასთან, ბრალდების მიერ წარდგენილ სხვა დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვს, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია იქნება, რომ აღკვეთის ღონსიძიება საერთოდ არ უნდა შეეფარდოს, მათ შორის არც გირაოს სახით და ფორმით. ნწაილობრივ საქმის მასალებს გავეცანით,რ აც მოვასწარით, თუმცა, მათ შინაარსთან დაკავშირებით საუბარი, გაუთქმელობის გაფრთხილების გამო არ შემიძლია, -ამბობს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი. 

ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები, ბენ ანორი, გივი ჯიბლაძე და სხვები - ქოლ ცენტრების საქმეში არაერთი ხმაურიანი გვარია, პატიმრობას მხოლოდ ნაწილისთვის ითხოვენ, დანარჩენები თანამშრომლობის სანაცვლოდ გადარჩნენ. მათ შორისაა ბიზნესმენი გივი ჯიბლაძე - "კომპანია სვეტის" ყოფილი დამფუძნებელი, რომელმაც სასჯელი აქამდე ორ სხვადახვა საქმეზე უკვე ორჯერ მოიხადა, ბრალი მესამედ "ქოლ ცენტრების" საქმეზე წაუყენეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ გივი ჯიბლაძის და ბენ ანორის ჩვენებები დევს საქმეში ელისო კილაძის წინააღმდეგ. 

  • შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძეს კი ბრალის დადგენილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს.  

ამავე საქმეზეა დაკავებული "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. 

  • საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას