მამებს უკანონოდ აქვთ აღკვეთილი თავისუფლება, იმედია, ციანიდის ჩადებას არ აპირებენ - პეტრე ცაავა
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა, დღეს სალხინოში ჩატარებულ სპეცოპერაციას "ეკლესიისთვის სუდარის გადაფარების მცდელობას" უწოდებს. ამის შესახებ პეტრე ცაავამ "ტვ პირველის" "დღის ამბების" ეთერში ისაუბრა.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს საერო და საეკლესიო ხელისუფლებას ჰყავს კრიმინალური ბანდა, რომელიც უკანონოდ, ძალმომრეობით მართავს ეკლესიას და სახელმწიფოს. ჩვენ ვნახეთ თავზე ლაფდასხმული პოლიცია, მათი უპრეცედენტო რაოდენობა სამარცხვინო მდგომარეობაში.
მამებს უკანონოდ აქვთ აღკვეთილი თავისუფლება, იმედია, ციანიდის ჩადებას არ აპირებენ. დღევანდელი საქციელი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ეს არის ეკლესიისთვის სუდარის გადაფარების მცდელობა ", - თქვა პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, რომ სალხინოში ვითარება დღეს დილით დაიძაბა. დაკავებულია 5 სასულიერო პირი - მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე და მამა ბასილი. მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ ბერებს სამართალდამცველებმა მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სალხინოში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო დანაყოფები გამთენიისას იმერეთიდან გადაისროლა. სპეცოპერაციის შემდეგ პეტრე ცაავას მომხრეებს ხელბორკილები დაადეს და პოლიციაში გადაიყვანეს.