სალხინოს მონასტერი კვლავ დაკეტეს - მოსახლეობას ტაძარში შესვლა შეზღუდული აქვს
დილიდან უკიდურესად დაძაბული ვითარებაა სალხინოს მონასტერში. ტაძრიდან გამოძევებული მღვდლები და მრევლი მონასტერში შესვლას ითხოვენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული უპრეცედენტო რაოდენობის პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.
ამის პარალელურად კი მარტვილის პოლიციაში 3 დაკავებული სასულიერო პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 3 პირის მიმართ საქმე ადმინისტრაციული, 166-ე და 173-ე მუხლითაა აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქმეა აღძრული ასევე 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ითვალისწინებს. ადვოკატების ინფორმაციით, ეპარქიის 3 დაკავებული მღვდელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სასულიერო პირები ბრალს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პირიქით, ჩოხოსნების მხრიდან მოხდა პროვოცირება. - აცხადებს ადვოკატი.
ამ დროისთვის სალხინოს მონასტრის კარები დაკეტილია და სამართალდამცველები მონასტერში შესვლის უფლებას მრევლსა და სასულიერო პირებს არ აძლევენ.
,,ქართული ოცნების" სპეცოპერაცია სასულიერო პირების წინააღმდეგ. კრიმინალური პოლიცია დილით მღვდლებს შეუვარდა. სასამართალდამცველებმა სასულიერო პირებს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როცა ბერები წირვის მსახურებისთვის ემზადებოდნენ, დაარბიეს მონასტერი და ბერები იზოლატორში გადაიყვანეს.