სომხეთის პატრიარქს თუ ქვეყნიდან გამოუშვებენ, ჩამოვა - მეუფე ნიკოლოზი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავ სასულიერო პირს და მაღალ იერარქს ელოდებიან . დღეს ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა "პირველებთან" თქვა, რომ ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად საქართველოში ჩამოსვლა სურს სომხეთის პატრიარქს გარეგინ II-ს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, მას სომხეთიდან გამოუშვებენ თუ არა.
- ცნობისთვის სომხეთის პროკურატურამ კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება.
ვინ ჩამოვა ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ჩვენ დავუგზავნეთ მოწვევა ყველა პირველ იერარქს, როგროც წესი და რიგია ისე. გარდა ამისა, ჩვენ გვიკავშირდებიან არამართლმადიდებელი ეკლესიებიდან. მაგალითად სომხეთის პატრიარქს უნდა ჩამოსვლა. ძალიან ახლო და ისტორიული ურთიერთობა ჰქონდათ, სომხეთშია იქ დიდი არეულობა და პატრიარქს არ უშვებენ ქვეყნიდან. ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა და თუ გამოუშვებენ ჩამოვა.
დღეს მეუფე ნიკოლოზმა "პირველებთან" ასევე გაიხსენა პატრიარქთან პირველი შეხვედრა და თქვა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ილია მეორესთან ერთად აქვს გატარებული.
78-79 წელი იყო, როცა მე პირველად პატრიარქის შესახებ შევიტყვე. მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ფიზიკის ფაკულტეტზე და ჩემი ერთი კურსელი, რომელიც დღეს მღვდელია, მოვიდა უნივერსიტეტში აღფრთოვანებული - სიონში ვიყავი და ახალი პატრიარქის ქადაგება მოვისმინეო. ყველაფერი გავიგე, რაც თქვაო. აქედან დაიწყო ჩემი ურთიერთობა პატრიარქთან და პრიველად, როდესაც მასთან პირადად შევედი კონტაქტში, ეს იყო 1988 წელი, როცა პირველად საუბარი მოქნდა მასთან. ეს იყო მისაღები გამოცდა, როცა სასულიერო აკადემიაში ვაბარებდი. ძალიან საინტერესო იყო მასთან გამოცდის ჩაბარება. ალბათ რომ გადავთვალო უკან, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მასთან მაქვს გატარებული. ჩვენ არ ვემშვიდობებით პატრიარქს. ჩვენ ჯერ არ ვიცით ამ პიროვნების სიდიდე და სიდიადე.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
ცნობილია, რომ პატრიარქი თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.