საწვავი ისევ გაძვირდა - ექსპერტების თქმით, ფასების ზრდას ჯაჭვური ეფექტი ექნება
ბენზინი და დიზელი ბოლო ორ კვირაში უკვე მეორედ გაძვირდა.
ბენზინგასამართ სადგურებზე მძღოლებს დღეს საწვავი 10-დან 50 თეთრამდე გაძვირებული დახვდათ, თუმცა ფასები კომპანიების მიხედვით განსხვავდება.
საწვავის გაძვირებას უკვე მოჰყვა საზოგადოების უკმაყოფილებაც — მოქალაქეები ამბობენ, რომ ფასების ზრდა ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.
საწვავი სადღაც 30 თეთრით გაძვირდა, სადღაც ათი დღეა. პური, მემგონი, გაძირდა კიდევ სადღაც 10 თეთრით, - ამბობს მოქალაქე.
გაორმაგებულია ყველაფერზე ფასი და ხალხი გაჭირვებულია. მარტო არიან, ვინც პარლამენტში სხედან. ტყუილად მივეცი ივანიშვილს ხმა, მე იმედი მქონდა, რომ გაამართლებდა. ესეენი მარტო თავისი თავისთვის არიან მოსულები. პენსია ვერ გაუზრდიათ და ერთი კაცი იპარავს 10 მლნს და 8 მლნ-ს და ხალხი მშიერია. მე ვარ ვეტერანი, მე მინდა, ჩემი საქართველოში ვეტერანიც დაფასებული იყოს, კარგი ადამიანი იყოს დაფასებული, რომელსაც ქვეყანა უყვარს, - ამბობს მოქალაქე.
ექსპერტები განმარტავენ, რომ საწვავის გაძვირება ბაზარზე ჯაჭვურ ეფექტს იწვევს და საბოლოოდ თითქმის ყველა პროდუქტსა და მომსახურებაზე აისახება. მათი შეფასებით, ტრანსპორტირების ხარჯის ზრდა ავტომატურად აძვირებს როგორც სასურსათო პროდუქციას, ისე სხვადასხვა სერვისს, რაც მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ნებისმიერი პროდუქცია, რაც იყიდება მაღაზიებში, დახლებზე, იქ მისი მიწოდება ხდება და მისი ლოჯისტიკა ხდება, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ საწვავია მაგისთვის საჭირო, რაღაც სხვა ხარჯებია საჭირო, ამიტომ ბაზარშიც გაძვირდება ნებისმიერი რაღაცა, ბოსტნეულიდან დაწყებული რძით დამთავრებული, მარკეტებშიც გაძირდება და ნებისმიერ რაღაც დაწესებულებაში და ამას ჯაჭვური რეაქცია ექნება, რა თქმა უნდა და ამიტომაც არის, რომ პრობლემის გამომწვევს მიზეზს უნდა უპასუხოს თავდაპირველად და დროულად ხელისუფლებამ და ესენი პასუხს არ გვცემენ და რაღაც კომისიებში აგრძელებენ ერთმანეთის გაგიჟებას და ამით, საბოლოო ჯამში, შედეგი არ დაიდება, - ამბობს დავით მჟავანაძე.
ეკონომისტები გამოსავლის გზებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ფასების სტაბილიზაციისთვის შესაძლებელია კონკრეტული ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება, მათ შორის — საგადასახადო პოლიტიკის გადახედვა.
შესაძლებელია, უფრო ქმედითი ზომები. ჩვენ უკვე შეგვაჩვია "ქართულმა ოცნებამ", რომ აქციზი უნდა გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აქციზი, შეიძლება, შემცირდეს. დღეს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა განიხილავს ამ შესაძლებლობას, რომ აქციზის შემცირების ხარჯზე მოხდეს იმ ფასნამატოს დაკომპენსირება იმპორტიორებისთვის, აქედან გამომდინარე, ფასების სტაბილურობის შენარჩუნდება და ის გამაძლიერებელის ეფექტი, რაც სავარაუდოდ, ექნება ბენზინზე ფასების ზრდას ყველა სხვა სექტორზე, ამით შეჩერება, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.