დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს
ვინ გახდება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი პატრიარქი? - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ამბობს რომ ახალი პათოკილოს-პატრიარქის არჩევის პროცესში წესით უპირატესობა უნდა მიენიჭოს მოსაყდრე შიოს, რადგან ის სიცოცხლეში გამოარჩია ილია მეორემ.
დეკანოზის თქმით, პატრიარქმა ვიწრო წრეში განმარტა, რომ მოსაყდრის საჯაროდ დასახელება მიზნად ისახავდა გაურკვევლობების მოხსნას და საზოგადოებაში გავრცელებული სპეკულაციების შეწყვეტას.
გარკვეული ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში. გვინდა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ღირსეულად ჩატარება ამ აუცილებელი პროცედურისა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოიჩინა.
პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს ამოირჩევს წმინდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სინოდის სხვა წევრებთან ერთად, ზედმიწევნითი დაცვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა, წარმართავს ამ პროცესს და საბოლოოდ სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. ამიტომ, სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს.
როდესაც პატრიარქმა გადაწყვიტა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი საზოგადოებაში გარკვეულ შფოთს შეიძლება ქმნიდეს და მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას.
მიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის საყურადღებოა, რადგან ის არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. ყველაფერი დანარჩენი საბოლოო ჯამში არის იმ პროცედურით გადასაწყვეტი, რომელიც მართვა-გამგეობის დებულებაშია გაწერილი, საბოლოო ჯამში ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი ყველა მისი წევრის ნების მიხედვით“,- აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.