კიდევ 13 უკანონოდ დაკავებულის და დაჯარიმებულის საქმე ევროსასამართლოში გაიგზავნა

29.03.26 09:55
კიდევ 13 უკანონოდ დაკავებულის და დაჯარიმებულის საქმე ევროსასამართლოში გაიგზავნა

კიდევ 13 უკანონოდ დაკავებულისა და დაჯარიმებულის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა — ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ავრცელებს.

მისი განცხადებით, საქმეები შეეხება აქციების ფარგლებში მოქალაქეთა დაკავებისა და დაჯარიმების ფაქტებს და ნაწილი უკვე სტრასბურგშია გაგზავნილი, ხოლო სხვა საქმეები მომზადების პროცესშია.

მოგესალებით ყველას.

აქციების ფარგლებში დაკავებულ, დაჯარიმებულ და დაპატიმრებულებს

ორი თვის წინ დაგპირდით აქციებთან დაკავშირებულ საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს სარჩელების მომზადებაში დაგეხმარებოდით.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ათობით ადამიანს ვინც მენდო და უკვე გამოაგზავნა მისი საქმე. ვალდებულად ვთვლი თავს მცირე ანგარიში წარმოგიდგინოთ იმ საქმის რაც ამ დროში შევძელი. გამოგზავნილი განაცხადებიდან, სადაც ეს შესაძლებელი იყო:

- სტრასბურგის სასამართლოს სარჩელი მოვამზადე 13 საქმეზე (აქციებზე უკანონოდ დაკავება, დაჯარიმება, ტროტუარზე დგომის აკრძალვა და ა.შ.). საქმეები უკვე გაიგზავნა სასამართლოში.

- სხვა საქმეები მომზადების პროცესშია და გასაჩივრების ვადის გასვლამდე გაიგზავნება.

კომენტარებში კვლავ დავდებ ჩემს ძველ პოსტს და განაცხადის გამოგზავნის ფორმას. გთხოვთ გაეცნოთ და გამოაგზავნოთ თქვენი საქმეები, იმდენ საქმეზე დაგეხმარებით, რამდენზეც შევძლებ და ბევრ საქმეზე შევძლებ, რადგან ვთვლი რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, რაც თქვენთვის შემიძლია გავაკეთო, - წერს ედუარდ მარიკაშვილი.