ხალხი "ორბის" სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ - კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა ხმაურით წარიმართა
კომპანია „ორბის“ სამშენებლო პროექტის განხილვა გურულების პროტესტის ფონზე გაიმართა. საუბარია ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობაზე.
ადგილობრივების განცხადებით, შეხვედრის შესახებ მათ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს, რამაც დამატებით უკმაყოფილება გამოიწვია.
მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ დაგეგმილი პროექტი ბახმაროს კურორტის ავთენტიკურობას დააზიანებს და შესაძლოა გეოლოგიური საფრთხეებიც გამოიწვიოს. ამასთან, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ გადაეცა კომპანია „ორბის“ მიწის ნაკვეთი მთავრობის მხრიდან ერთ ლარად.
ყველას გვეშინია, რომ არ ჩაბეტონდეს ბახმარო და ის სახე და ავთენტურობა არ დაკარგოს. მაგალითად, ჩემითვის, როგორც ერთი რიგითი ჩოხატაურელისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოვისმინო ისეთი ადამიანისგან კიდევ, რომელიც მხარე არ იქნება, დაინტერესებული არ იქნება, რომელსაც ექნება კვლევები ჩატარებული და თავის მეთოდოლოგიებზე ისაუბრებს, რა მეთოდოლოგიებით ჩატარდა ეს კვლევები, როგორი იქნება ბახმაროს გარემოზე ზემოქმედება, - თქვა შეხვედრაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
გურულების იგნორით აღარ გამოვა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამ შეხვედრის გულწრფელობაში ეჭვი მეპრება, იმიტომ, რომ დილით ადრე დააანონსეს და ჩემს ირგვლივ ვერცერთმა გულშემატკივარმა ვერ შეძლო მოსვლა. მაგრამ, ერთი ფაქტია, რომ რადიკალურად სხვა პროექტია, ეს უკვე ნიშნავს აღიარებას, რომ ვიყავით მართლები და ეს შეუფერებელი პროექტი იყო ბახმაროსთვის. ჩვენ, გურულები, არასდროს მივატოვებთ ბახმაროს, - თქვა შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთმა ადგილობრივმა.
კომპანიის წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ საკითხი კარგად არის შესწავლილი და აღნიშნული პროექტი დადებითი მოვლენაა.
იყო საკითხები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის. მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დარბაზში ყველანი ერთად ვიყავით, რომელსაც განსხვავებული აზრი გაგვაჩნდა, მაგრამ ალბათ, მე ასეთი წარმოდგენა დამრჩა, რომ წარმოდგენილი პროექტი და კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ნამდვილად არის დადებითი მოვლენაა, - თქვა შეხვედრის შემდეგ კომპანიის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2019 წელს კომპანიას ბახმაროში მიწა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. პრეტენზიები სამომავალო პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობაში იმთავითვე იყო.