ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ცემაში მისივე თანაგუნდელს, “ოცნების” დეპუტატს ადანაშაულებენ - ახალი დეტალები

29.03.26 12:25
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ცემაში მისივე თანაგუნდელს, “ოცნების” დეპუტატს  ადანაშაულებენ - ახალი დეტალები

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჰამბარცუმ ბაბოიანის ცემაში მისივე თანაგუნდელს — „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კარლენ მანასიანს ადანაშაულებენ. ინფორმაციას რეგიონული ტელევიზია TOK TV ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა საკრებულოს სხდომაზე სომხური სასაფლაოს ავარიული კედლის აღდგენასთან დაკავშირებული კითხვა. წყაროს ინფორმაციით, ამის შემდეგ ბაბოიანს ჯერ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მერმა, ვარლამ წიკლაურმა უსაყვედურა, მოგვიანებით კი მანასიანმა იგი „გასარკვევად“ საკუთარ ავტომობილში დაიბარა, სადაც ფიზიკურად გაუსწორდა.

TOK TV-ის ინფორმაციით, შემთხვევა 28 მარტს, სხდომიდან მეორე დღეს მოხდა.

ამასთან, ტელევიზიის ცნობით, კარლენ მანასიანის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდებით საქმე 2016 წელსაც იყო აღძრული, როდესაც იგი ახალციხის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

თავად ბაბოიანი მომხდარს არც ადასტურებს და არც უარყოფს, ხოლო შესაძლო დამნაშავე პირი ბრალდებებს უარყოფს.

მომხდარს უარყოფენ როგორც მანასიანი, ასევე ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური.