„გადაწყვეტილება სული წმინდის გზით მიიღება“ - დეკანოზი მახნიაშვილი პატრიარქის გამორჩევაზე
საეკლესიო პროცესებში პოლიტიკური ვნებათღელვის გადატანა დაუშვებელია — დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის არჩევისას სინოდის მუშაობა ლოცვითა და სული წმინდის გზამკვლევობით წარიმართება. მისი თქმით, ეკლესიაში გადაწყვეტილებები არ მიიღება პოლიტიკური გავლენებით, არამედ ღმერთისადმი ლოცვითა და სულიერი პასუხისმგებლობით.
ჩვენ მიჩვეულები ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე. აი, მაგალითად, თქვენ ფიქრობთ, რომ სინოდი დაიწყება, რა თქმა უნდა, იხელმძღვანელება იმ დებულებით, რაც ეკლესიაში არსებობს, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ეს სინოდი იწყება ლოცვით. ამ ლოცვაში სინოდის წევრები შესთხოვენ ღმერთს, სული წმინდას, რათა მადლმოსილად, მადლი, მადლისმიერად, ღმერთის ჩარევით წარიმართოს ეს საქმე. ვერ ვხედავ აი, ამ ჩარევებს, ვხედავ ლოცვას, წირვას, როგორ შესთხოვენ, დაჩოქილი, გულმხურვალედ, - ამბობს დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი.
ამასთან, სასულიერო პირი განმარტავს, როგორ წარიმართება სინოდის სხდომა და რა პრინციპებით მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
პირველი სინოდი რომ ჩატარდება, იქ მოხდება სწორი, პროფესიონალური ინტერპრეტაცია ამ მუხლების, ვინ რას აკმაყოფილებს და როგორ წარიმართება. ბევრი ღირსეული ადამიანი, მაგრამ როგორც გითხარით, მე პირადად, როგორც მორწმუნე ადამიანი, რიგითი წევრი და მრავალი ადამიანი, ჩვენი უწმინდესის გადაწყვეტილებას, გაცხადებულ ანდერძს, რომ მოსაყდრედ მეუფე შიო აირჩია, თავისი თვისებების და უნარების გამო, ამას დიდ პატივს ვცემთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, - ამბობს სასულიერო პირი.