ილია მეორის ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულოა, რადგან რაც საქართველოში ამ დღეებში ვიხილეთ, არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს - მიტროპოლიტი შიო

29.03.26 16:10
ილია მეორის ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულოა, რადგან რაც საქართველოში ამ დღეებში ვიხილეთ, არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს -  მიტროპოლიტი შიო

სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას მეუფე შიომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მსახურება „სამოციქულო მნიშვნელობის“ იყო. მისი თქმით, პატრიარქის მოღვაწეობამ კიდევ ერთხელ გააერთიანა ქვეყანა და საზოგადოების ერთსულოვნება გამოავლინა.

დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს, წინამძღოლს ილია მეორეს, რომლის სულის მოსახსენებლადაც ჩვენ გადავიხადეთ პანაშვიდი. ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები და საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს მოცემული. ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე. არ ვცდებოდით, როდესაც ვამბობდით, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულოა, რადგან იმას, რაც ჩვენ საქართველოში ამ დღეებში ვიხილეთ, არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება. უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით. აღძრა მთელი საქართველო, მთელი საქართველოს გულები - ჩვენი ყველასი მისთვის მადლობის სათქმელად და მწუხარების გამოსახატავად. ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული",- აღნიშნა მეუფე შიომ.