საქართველოში არსებული ვითარება და გამოსავლის გზები - ოპოზიციური ალიანსი აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება
ოპოზიცია შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის ემზადება. ინფორმაციას „პირველებს“ ალიანსის წარმომადგენლები უდასტურებენ. მათი თქმით, აპრილის ბოლოს ვაშინგტონში ერთობლივ შეხვედრებს გეგმავენ.
გავრცელებული ცნობით, პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ და მათ საქართველოში არსებულ ვითარებაზე მიაწვდიან ინფორმაციას. ასევე ვარაუდობენ, რომ ოპოზიცია სანქციების გაფართოების საკითხსაც დააყენებს.
მომავალი ვიზიტის მიზნებსა და ფორმატზე საუბრობს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი წარმომადგენელი, "ფდერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
პირველი ვიზიტი აშშ-ში იგეგმება და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ამის მიღმა ევროპის ქვეყნებშიც უმაღლეს დონეზე და აშშ-ში პირველ რიგში მზადდება ვიზიტი. ალიანსი შეიძლება, რომ წავიდეს როგორც დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც ამერიკის ხელისუფლებას სთავაზობს თავის გზას და ხედვას იმისა, როგორ შეიძლება, საქართველო გამოძვრეს აი, ამ რთული მდგომარეობიდან, რაშიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩააგდო ანუ ეს იქნება ვიზიტი იმ გეგმით, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ვიზიტის დროისა და შესაძლო ფორმატის შესახებ დამატებით განმარტებებს აკეთებს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.
ზუსტად ვიცი, რომ ეს იქნება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ წავა, ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური ლიდერებს დღეს პასპორტები აქვთ ჩამორთმეული, თუმცა ეს შეხვედრა შედგება, შედგება ასევე ონლაინ ჩართებითაც, ამიტომ "ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ რაღაც პროცესი შეგვაჩერებს და შეაჩერებს იმ პროცესს, რაც პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ალიანსმა დაიწყო. ალიანსის მთავარი ამოცანა ხომ ის არის, რომ ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ვაჩვენოთ ალტერნატივა, რომელსაც აქვს პროდასავლური ძალა, პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ეს გაზიარება ასევე წარვადგინოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
ამასთან, საერთაშორისო კონტაქტებსა და დაგეგმილ ვიზიტებზე შეფასებას აკეთებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი წერეთელი.
უკვე არსებოსბ ვიზიტები და კონტაქტები ასევე მჭიდრო აშშ-თან, ესტაბლიშმენტთან, კონგრესთან, სენატთან უფრო მეტად და ასევე ადმინისტრაციასთან, მაგრამ კონსოლიდირებული, ერთიანი ვიზიტი ჯერ არ ყოფილა და მე ვფიქრობ, ალბათ უახლოეს პერიოდში ასეთი ვიზიტი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ იმას, რომ გვქონდეს ვიზიტები როგორც ბრიუსელში, ასევე აშშ-ში, არა ცალ -ცალკე, არამედ ერთიანად, რომ ეს სურათი კარგად და მკაფიოდ შეიკრას ვინ არის ეს ხალხი, რა არიან, - ამბობს გიგი წერეთელი.