"დააბრუნეთ მოპარული ძაღლები!" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

29.03.26 18:37
"დააბრუნეთ მოპარული ძაღლები!" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიუსაფარი ცხოველების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას.

აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი №412 დადგენილების მე-3 პუნქტის გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას.

პროტესტის ორგანიზატორები "ოცნების" ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ და აცხადებენ, რომ შეხვედრას ითხოვენ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

გაუქმდეს ეს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ცხოველებს არ აქვთ უფლება, შეიკრიბონ ბაღებთან, სკოლებთან, დასახლებულ პუნქტებთან, კვების ობიექტებთან. ისმის კითხვა, თუ ამ ლოკაციებზე არ აქვთ უფლება, რომ შეკრიბონ, იარსებონ, ისინი იქ ხომ თავს ირჩენენ, უნდათ, რომ საკვები მოიპოვონ, მაშინ სად წავიდნენ ეს ძაღლები. ანუ ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივად, ცხოველები გააქრონ. თბილისის მასშტაბით ამას ძალიან კარგად ასრულებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. რაიონებში და სოფლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიჰყავს ცხოველები, ვითომ დაჩიპვის მიზნით, ვითომ კასტრაცია-სტერილიზაციის და ვაქცინაციის მიზნით, მაგრამ სად მიჰყავთ, არ გეუბნებიან, - ამბობს აქციის მონაწილე.